რუსებმა უგლედარი დაიპყრეს. რას ნიშნავს ქალაქის დაკარგვა უკრაინისათვის? – BBC russian

11
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სამხედრო მიმომხილველის ილია აბიშევის სტატიას სათაურით „რუსებმა უგლედარი დაიპყრეს. რას ნიშნავს ქალაქის დაკარგვა უკრაინისათვის?“, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის არმიამ ქალაქი უგლედარი დატოვა და უკან დაიხია – რუსეთის სამხედრო ქცედანაყოფებმა დონეცკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ხელში ჩაიგდეს, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტიდან.

უგლედარის სამხედრო-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე დიდი ხანია ყველა ლაპარაკობს, მაგრამ რამდენად შეესაბამება ნათქვამი სინამდვილეს? ქალაქის დაკარგვა რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ მომხდარიყო, დიახაც დიდი დარტყმა იქნებოდა უკრაინის არმიისათვის, რომელიც იძულებულია რთული კომბინაციის ტავდაცვითი ბრძოლები ეწარმოებინა როგორც სამხრეთის, ასევე აღმოსავლეთის ფრონტზე. „უგლედარის ციხე-სიმაგრე“ უკრაინის არმიის გამაგრებული ხაზის – ტორეცკ-ნიუ-იორკ-მარინკა-ნოვოსელკას – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი იყო და რუსეთის არმია მის დაუფლებას 2022 წლის ნოემბრიდან ცდილობდა. მაგრამ მოსკოვის ყოველი შეტევა წარუმატებლად და უამრავი მსხვერპლით მთავრდებოდა.

უკრაინის არმია უგლედარს 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევისათვის ერთ-ერთ საყრდენ პუნქტს წარმოადგენდა მარიუპოლისაკენ გასაჭრელად, მაგრამ როგორც ცნობილია, შარსანდელი კონტრშეტევა ჩაიშლა და კიევისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

2024 წლის განმავლობაში სამხედრო სიტუაცია დონბასში მნიშვნელოვნად შეიცვალა. უკრაინამ ზედიზედ დაკარგა ქალაქები და დაბები ავდეევკა, მარინკა, კრასნოგოროვკა, ნიუ-იორკი… ძლივს დგას ფეხზე ტორეცკი, რუსეთის არმია პოკროვსკის კედლებთან არის მიმდგარი, უტევს ჩასოვ იარს და ცდილობს უკრაინის თავდაცვა კუპიანსკის მიმართულებით გაარღვიოს.

უფლედარმა კი ამასობაში თავდაცვით ჯაჭვში თავისი მნიშვნელობა დაკარგა. ის, რომ ქალაქი განწირულია, ნათელი გახდა სექტემბრის შუახანებში, როცა რუსეთის არმიის ნაწილებმა თითქმის ერთდროულად გაანადგურეს უკრაინელთა პოზიციები როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგებზე, რკალი ქალაქის ირგვლივ თანდათან იკვრებოდა, რუსულმა არტილერიამ და დრონებმა ყველა სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომუნიკაცია კონტროლქვეშ აიყვანეს. „ქვაბის“ კონტურები თანდათან რეალური ხდებოდა – შეიძლებოდა უგლედარის გარნიზონის ასეულობით უკრაინელი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდნილიყო (დაახლოებით ორი ათასი კაცი).

„გეგმაზომიერი უკანდახევა“ თუ…

როგორც სამხედრო ექსპერტები და ბრძოლის მონაწილე უკრაინელი ოფიცრები თვლიან, უკრაინის არმიის სარდლობამ საკმაოდ დააგვიანა გარნიზონისადმი ქალაქიდან გასვლის ბრძანების მიცემა (თუმცა ეს თვალსაზრისი შეიძლება სუბიექტური იყოს). არის ისეთი ცნობებიც, რომლებიც აჩვენებენ, რომ უკრაინის ჯარის ქვედანაყოფები ქალაქიდან გეგმაზომიერდ გადიოდნენ და ქაოსური უკანდახევა არ მომხდარა (ამაზე ქვემოთ).

პირველ ოქტომბერს დასავლეთმა ნახა, რომ უგლედარის ცენტრალური ქუჩის ჭურვებით ნახევრად დანგრეულ შენობებზე რუსეთის დროშა ფრიალებდა, ხოლო ქალაქში რუსი ჯარისკაცების თავისუფალი სიარული იმას მიუთითებდა, რომ უკრაინული გარნიზონი უგლედარიდან უკვე გასული იყო.

თუ რა მოხდება უახლოეს ხანში უგლედარის დაპყრობის შემდეგ ამ მიმართულებით, ამის პროგნოზირება რთული არ არის: ერთი რამ უკვე მკაფიოდ შეიძლება დავაფიქსიროთ: დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრამდე, რომლის გაკონტროლებას რუსეთის არმია ცდილობს, ჯერ კიდევ 30 კილომეტრია დარჩენილი, თუმცა საზღვრამდე მეტი მსხვილი დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს.

…“ქაოსური გასვლა“ უგლედარიდან?

„უგლედარიდან უკანდახევა ქაოსურად მოხდა“ – ამბობენ „ბიბისის“ კორესპონდენტთან აბდუჯალილ აბდურასულოვთან საუბრისას უკრაინის შეიარაღებული ძალების 72-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უგლედარიდან გამოვიდნენ და ახლი პოზიციები დაიკავეს. მათი მტკიცებით, ბოლო დღეებში ქალაქის გარნიზონის ჯარისკაცები იძულებუნი იყვნენ ბრძოლით გამოსულიყვნენ თითქმის ალყაში მოქცეული ქალაქიდან. ბევრი სამხედრო მოსამსახურე რუსული დრონებისა და არტილერიის ინტენსიური სროლების შედეგად ნანგრევებში ჩაიმარხა.

გზა, რომლითაც გარნიზონი იარაღითა და სხვა მასალებით მარაგდებოდა, სექტემბერის მეორე ნახევრიდან რუსების მიერ კონტროლდებოდა: არტილერია ბომბავდა და ანადგურებდა ყველაფერს, რაც კი მოძრაობდა: „რა თქმა უნდა, არმიის სარდლობა ცდილობდა, რომ მომარაგება განეხორციელებინა,  გამოგზავნა ავტომანქანები „ტვირთ-200“-ისა და „300“-ის (ანუ დაღუპულებისა და დაჭრილების) გასაყვანადაც, მაგრამ უშედეგოდ. რუსებმა ავტომანქანები ააფეთქეს და ამიტომ სარდლობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა“.

როცა რუსებმა უგლედარის გარეუბნებიდან ცენტრისაკენ გადაადგილება და შენობების დაკავება დაიწყეს, ქალაქის გარნიზონის მებრძოლები, ბრძანების არქონის მიუხედავად, იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ.

„როცა უკანდახევა ორგანიზებულად არ ხდება, იწყება ქაოსი და პანიკა. ეს ომის ბუნებრივ თანმდევ მოვლენას წარმოადგენს“, – ამბობენ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები, – „ზოგიერთი ქვედანაყოფი დეზორიენტირებული იყო, რადგან მათ რადიოკავშირი არ ჰქონდათ და თვითნებურად უწევდათ უკანდახევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება“. მათი თქმით, რუსულმა ძლიერმა ბომბებმა, ჭურვებმა და რაკეტებმა თითქმის ყველა თავდაცვითი ზღუდე დაანგრია და ასეთ სიტუაციაში უკანდახევა გარდაუვალი აღმოჩნდა.

„როგორ იომებ, როცა პოზიციაზე მხოლოდ შენ ხარ დარჩენილი და ყველას სამიზნეში ჰყავხარ ამოღებული? ან უნდა დაიღუპო, ან უკან უნდა დაიხიო“, – ამბობს ერთ-ერთი სამხედრო. თითქმის ალყაშემორტყმული ქალაქის დატოვებაც უკიდურესად სახიფათო იყო – დღისით აუცილებლად სიკვდილით დასრულდებოდა (უგლედარის ირგვლივ სრულიად მოშიშვლებული სტეპური რელიეფია), მხოლოდ ღამით თუ შეიძლებოდა შეუმჩნევლად გასვლა, ისიც დანაღმულ ადგილებზე.

„არ ვიცით, რა მოხდა: იქნებ ეს უგლედარის გარნიზონის უფროსის შიში იყო სარდლობის წინაშე, რომ მან ვერ გაუბედა კიევს რეალური სიტუაცია მოეხსენებინა? ან იქნებ სარდლობა აჭიანურებდა უკანდახევის ბრძანებას და ამით ჯარისკაცების სისხლისღვრას აგრძელებდა?, – ამბობენ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები.

წყარო