„დღეს 1-ელი ოქტომბერია… თავისუფლების დაბრუნების დღე! დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობას. დღე, რომელიც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას და ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნებას!
2012 წლის 1-ელი ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენს და წინაპართა მემკვიდრეობას – რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს!
ღირსება და თავისუფლება ქართველი კაცისთვის წითელი ხაზია, რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადალახო, მაგრამ თუ მაინც გაბედავ, რომ ამ მდინარეში შესცურო, ქართველი ხალხის, საქართველოს შვილების ერთიანობის ძალა წაგლეკავს!
1-ელი ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1-ელი ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამ საოცარი ერთიანობით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების.
პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს!
ჩვენ გავბედეთ!
შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელი ოქტომბერს კი, ქუდზე – კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ!
ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების – სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება.
სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები!
ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი!
ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი!
ვსარგებლობ დღევანდელი შემთხვევით და მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ თანამებრძოლსა და მხარდამჭერს. მადლობა ყველას, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან ერთად უშიშრად დადგა, გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო!
2012 წლის 1-ელი ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი – წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა.
ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს!
არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს.
ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.