ცესკო საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ განცხადებას ავრცელებს

9
spot_img

საარჩევნო ადმინისტრაცია საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ განმარტებას აკეთებს.

ცესკო-ში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო საზღვარგარეთ ხმის მიცემასთან დაკავშირებით არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებამ.

„მათ შორის, ადგილი აქვს საზღვარგარეთ მცხოვრები, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი თანამემამულეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციას.

დაინტერესებული მხარეები მანიპულირებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკით და აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 508 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.

საზოგადოებას გვინდა, განვუმარტოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ცხადყოფს, რომ ცალკეული პირები ინფორმაციით მანიპულირებენ და შეცდომაში შეჰყავთ ამომრჩევლები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვებგვერდის geoconsul.gov.ge სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებგვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128 000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან. ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებგვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.

შესაბამისად, ვებგვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მოწოდებულ ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლების შესახებ, ამ საკითხზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აწვდის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ აქტიურ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომელთა რიცხვი თითოეულ ქვეყანაში შეადგენს მინიმუმ 50 ადამიანს და შესაძლებელია, გაიხსნას საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ცესკო-ს არ გადაეცემა იმ ქვეყნებში მყოფი თანამემამულეების მონაცემები, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან სადაც, პოლიტიკური თუ საომარი ვითარებიდან გამომდინარე, არ ტარდება არჩევნები.

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25 სექტემბერს გადმოსცა ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 68 024 პირის შესახებ. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ სიაში მყოფ 2 516 პირს არ ჰქონდა ვალიდური დოკუმენტები და საარჩევნო უფლება. შედეგად, საბოლოო ჯამში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 65 508 ამომრჩევლის მონაცემების საფუძველზე 42 ქვეყანაში შექმნა 60 საარჩევნო უბანი.

აქვე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა, 7 ოქტომბრის ჩათვლით საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში“, – აცხადებენ ცესკო-ში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გაიარონ შესაბამისი პროცედურები.

„არჩევნებში ჩართულ მხარეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ხელი შეუწყონ ჯანსაღ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად, ყველა ჩართული მხარის ვალია“, – აღნიშნავენ ცესკო-ში.