ზელენსკიმ ვაშინგტონი იმედგაცრუებულმა დატოვა: თეთრმა სახლმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტების გაშვების უფლება არ მისცა – The Times

30
spot_img

ბრიტანული გაზეთის „თაიმსის“ (The Times) 28 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ზელენსკიმ ვაშინგტონი იმედგაცრუებულმა დატოვა: თეთრმა სახლმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული რაკეტების გაშვების უფლება არ მისცა“ (ავტორი – მარკ ბენეტი).


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამშობლოში იმედგაცრუებული დაბრუნდა – ვაშინგტონში ყოფნისას უკრაინის ლიდერმა ამერიკული შორსმოქმედ რაკეტების გაშვებაზე რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად თეთრი სახლისაგან ნებართვა ვერ მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად სთხოვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს რაკეტების ATACMS-ის გამოყენება, მაგრამ ამაოდ.


რასაკვირველია, აშშ მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისითაც, მაგრამ გადამწყვეტ ნებართვას არ აძლევს – მით უმეტეს, ვლადიმერ პუტინმა უკვე გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ უკრაინისათვის დასავლეთის მხრიდან ჩვეულებრივი იარაღით დახმარებასაც კი მესამე მსოფლიო ომის გამოწვევა შეუძლია.


საერთოდ, რუსი ლიდერის ბირთვულ მუქარებზე არც ჯო ბაიდენს და არც კამალა ჰარისს არაფერი უთქვამთ, ერთი სიტყვაც კი. სამაგიეროდ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კრემლის განცხადება „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო“ უწოდა და ჩინეთს სთხოვა, რომ იქნებ მოსკოვისთვის ჩაეგონებინა, რომ „ბირთვული იარაღის ჟღარუნი“ მიუღებელია მთელი მსოფლიოსათვის.


როგორც ჩანს, ომის პერსპექტივა და, ალბათ, მასთან ერთად უკრაინის მომავალიც აშშ-ის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაირკვევა. ჯერ-ჯერობით ჯო ბაიდენი, რომელსაც, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის მმართველობაღა დარჩენია, რაც შეუძლია, იმით ეხმარება – ბოლო დოლარების იარაღს აძლევს უკრაინას, რომ კიევმა როგორმე მოსკოვის ჯარის შეტევებს გაუძლოს. პენტაგონის საწყობები უკვე თითქმის ცარიელია „ზედმეტი“ იარაღისაგან. დემოკრატიული თეთრი სახლი, რესპუბლიკელთა ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, უკრაინას უკვე დაეხმარა 175 მილიარდი დოლარით.


რაც შეეხება დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას: სანამ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტ შეხვდებოდა, იგი უკიდურესად დამცინავად აკრიტიკებდა ვოლოდიმირ ზელენსკის და აცხადებდა, რომ კიევს მოუწევს „ტერიტორიული მსხვერპლის გაღება“ რუსეთის დასამშვიდებლად, 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ მიტინგზე კი, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა – „უკრაინა აღარ არსებობს, მილიონობით ადამიანი დაიღუპაო“.


მოსალოდნელი იყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ისე დაბრუნდებოდა ამერიკიდან უკრაინაში, რომ დონალდ ტრამპს ვერ შეხვდებოდა, თუმცა უკრაინელ ლიდერს ფორტუნამ მწყალობელი თვალით გადმოხედა – ექს-პრეზიდენტმა მოლაპარაკებაზე თანხმობა განაცხადა. როგორც შეხვედრის პირველი წუთებიდან გახდა ნათელი, დონალდ ტრამპს თავისი პოზიცია არ შეუცვლია – მან უკრაინელ ლიდერს ვლადიმერ პუტინთან შერიგებისაკენ მოუწოდა. ექსპერტების აზრით, როგორც ჩანს, რომ შერიგებაში დონალდ ტრამპს ტერიტორიული დათმობა ჰქონდა ნაგულისხმევი. მართალია, თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლაპარაკება წარმატებულად შეაფასა“, მაგრამ ამ შეფასებას უფრო დიპლომატიური ხასიათი აქვს, ვიდრე რეალური.
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც უკრაინისა და დასავლეთის გმირი იმით გახდა, რომ ქვეყანა რუსეთთან ომში ერთ მუშტად შეკრა, კრემლის წინაშე ტერიტორიულ დათმობებს გამორიცხავს. მისი „გამარჯვების გეგმა“ რუსეთისათვის დონბასისა და ყირიმის დათმობას არ ითვალისწინებს. ცოტა სხვაგვარად ფიქრობს უკრაინის მოსახლეობა: როგორც ზოგიერთი საზოგადოებრივი გამოკითხვა მოწმობს, ტერიტორიული დათმობები უკრაინელებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ იმავდროულად, კომპენსაციის სახით, უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდება.


ომი კი გრძელდება, ბრძოლის ველზე სიკვდილის ულმობელ ცელს ყოველდღიურად ათასობით ჯარისკაცი ეწირება ორივე მხრიდან. კიევი და მოსკოვი, იშვიათად აქვეყნებენ დანაკარგების სტატისტიკას, თუმცა, ზოგიერთი შეფასებით, ომის პერიოდში დაახლოებით მილიონი რუსი და უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და დასახიჩრდა. მიუხედავად ამისა, არავითარი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი, ტერიტორიული დათმობების გარეშე, ცეცხლის შეჩერებაზე დათანხმდება. მომავალი წლისათვის კრემლი სამხედრო ხარჯებისათვის რეკორდული რაოდენობის თანხის – თითქმის 13,2 ტრილიონ რუბლის გამოყოფას გეგმავს, რაც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის 40%-ს „შთანთქავს“.


წყარო