საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი უფასო ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა

9
spot_img

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ აცრა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაიკეთონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა, ყოველწლიურად ვაქცინა იცვლება, რადგან ყოველწლიურად გრიპი ახალი ვარიანტებით ვრცელდება.

„ამიტომ წლევანდელი ვირუსის შემადგენლობით არის განსაზღვრული ვაქცინა, რომელიც უკვე შესყიდულია. ველოდებით ოქტომბრის 15 რიცხვამდე ვაქცინა უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. ვაქცინა, რომელიც არის შესყიდული, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის წარმოების „ებოტის“ ვაქცინა, ოთხკომპონენტიანია, ანუ კიდევ უფრო მეტ ვარიანტს ფარავს ვიდრე სამიანი. ეს არის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება.

„პირველ რიგში იქნებიან ჩართულნი რისკის ჯგუფები. ვაქცინაცია დაიწყება ოქტომბრის მეორე ნახევარში. ეს სრულად საკმარისი დროა, იმიტომ რომ საქართველოში ჩვეულებრივად გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში იწყება ხოლმე გრიპის მატება. ახლა ფიქსირდება რესპირატორული ვირუსები. შემოდგომაა, მით უმეტეს საკმაოდ გრილი შემოდგომაა, შესაბამისად გაციების ვირუსებმა უკვე დაიწყო ცირკულირება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.