უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შევახსენებთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის მეშვეობით, 2024 წლის 7 ოქტომბრამდე-საგარეო უწყება

4
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას სთავაზობს და შეცდომაში შეჰყავს.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით. არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ვადების შესახებაც. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ, საარჩევნო მიზნებისთვის, მათ შეუძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.

აღნიშნული სუბიექტების მიერ მსგავსი სახის მომსახურების გაწევისას ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომსახურების სტატისტიკის გაზრდის მიზნით, მსგავსი სუბიექტები აგზავნიან ერთი და იგივე პირის მონაცემებს. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რიგი მათგანი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებს თანამემამულეთა პირად მონაცემს.

მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების და მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოვუწოდებთ და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით, 2024 წლის 7 ოქტომბრამდე. გამარტივებული ფორმით განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, ვებ-გვერდი ავტომატურად აგზავნის განცხადების რეგისტრაციის შესახებ შეტყობინებას, განმცხადებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე, განმცხადებელს დამატებით ეცნობება, იმავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც მას აძლევს საშუალებას თავად აკონტროლოს სრული პროცესი”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.