საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ დასახული სტრატეგიული მიზნებისკენ: ქვეყანამ მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, სრულდება კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები, რითაც შუა დერეფნის საშუალებით, ძლიერდება დაკავშირების შესაძლებლობა, ვითარდება ადამიანური კაპიტალი, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-9 წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ ბანკის მმართველთა ბიზნესსესიაზე, სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, დაარსებიდან დღემდე განვლილ პერიოდში, ბანკმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და განაგრძობს წინსვლას. მისი თქმით, ბოლოდროინდელი გლობალური გამოწვევები რთული აღმოჩნდა, თუმცა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეძლო მათი გადაჭრა.
„საქართველომაც, მიუხედავად პოსტ-პანდემიური პერიოდისა და რუსეთ-უკრაინის ომის უარყოფითი შედეგებისა, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში – 2021-2022 წლებში, მოახერხა ეკონომიკის ორნიშნა ზრდის მაჩვენებელზე გასვლა. 2023 წელი დასრულდა 7.5%-იანი ნიშნულით, ხოლო 2024 წლის შვიდ თვეში ეკონომიკა გაიზარდა 9.7%-ით, რაც საშუალო ზრდის ისტორიულ მაჩვენებელს აღემატებოდა. ყველა დროში მნიშვნელოვანია ფინანსური ნაკადების დივერსიფიკაცია და ფისკალური პრინციპების დაგეგმვაში პასუხისმგებლიანი დისციპლინის დანერგვა. მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები და რესურსების გამოყოფა ინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტების, ისევე, როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. მდგრად ინფრასტრუქტურასა და სხვა პროდუქტიულ სექტორებში ინვესტიციებით, ბანკს დღეს უკვე შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს მილიარდობით ადამიანის სიცოცხლეზე და იმავდროულად, წვლილი შეიტანოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. წლევანდელი წლიური შეხვედრის თემა – „მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა უკლებლივ ყველასთვის“ – ამ მისიას კიდევ უფრო ამყარებს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანმკა უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას, აზიის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურისა და გარემოს გაუმჯობესების პროექტებში ინვესტიციებით.
„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, უფრო მეტი ინოვაციური პროექტი განხორციელდება. ასევე, მივესალმებით ბანკის მზარდ ძალისხმევას, წევრ ქვეყნებში მწვანე ეკონომიკის პრინციპების მხარდაჭერის გასაძლიერებლად. აზიას სასიცოცხლო როლი აკისრია კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე რეაგირებაში და ბანკს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს განვითარების პროექტებში, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება და მწვანე ენერგია“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საფინანსო ინსტრუმენტების დივერსიფიკაცია და წევრების მხარდაჭერა, ის ინსტრუმენტია, რაც ცალკეულ პროექტებში უზრუნველყოფს ადგილობრივ ვალუტაში ფინანსების მოპოვებასა და სავალუტო რყევებიდან მომდინარე რისკების დაბალანსებას.
„გვჯერა, რომ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი სწორ გზას ადგას, აქცენტებს აკეთებს ყველაზე აქტუალურ პრიორიტეტებზე და ღირებული რჩება წევრი ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა მან.
სიტყვის დასასრულს, ლაშა ხუციშვილმა მადლობა გადაუხადა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელობასა და უზბეკეთის მთავრობას, ბანკის წლიური შეხვედრის ორგანიზებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ AIIB-სთან თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.