,,საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა”- ზურაბ პოლოლიკაშვილი

9
spot_img

საქართველოში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას აფასებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გენერალური მდივნის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ, თბილისში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში.

„ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი მაღალი დონის დელეგაცია, აქ არიან მინისტრები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ტურიზმის სექტორში. ასევე მასშტაბურად წარმოდგენილია საერთაშორისო მედია. საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში გაშუქდა, ეს ყველაფერი ხდება საქართველოში, ეს ნიშნავს რომ 50 ქვეყანაში საქართველოს ეხსნება არეალი, უფრო მეტი ქვეყანა ეცნობა საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. საქართველოში ბევრი მინისტრი პირველადაა, ისინი აპირებენ კვლავ ჩამოსვლას. ძალიან მადლობელი ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიების მაღალ დონაზე ჩატარებისთვის“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნა გამორჩეული ღონისძიებაა.

„ეს ტურიზმის სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, რომელიც ყოველ წელს, 27 სექტემბერს აღინიშნება როტაციით სხვადასხვა რეგიონში, წელს ევროპის ჯერი იყო, გენერალურმა ასამბლეამ შარშან საქართველოში გადაწყვიტა ჩაეტარებინა წლევანდელი ღონისძიება, თემაც წინასწარ ირჩევა და გადაწყდა ტურიზმი და მშვიდობა“, – აცხადეს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხატეები, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი, გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვივნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები, ჯამურად 300-ზე მეტი დელეგატი.