„ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების პრაქტიკული შედეგი უნდა გახდეს რუსეთის ჯარების გაძევება ქვეყნის ტერიტორიებიდან „ძალადობრივი ან დიპლომატიური საშუალებებით“. იგი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის იდეას. იმავდროულად ყველა ხედავს კიევის განცხადებების შეუსაბამობას: უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა გამარჯვებაზე „დამაჯერებლად“ ლაპარაკობენ, ამ დროს კი რუსეთის ჯარები დონბასში შეუჩერებლად წინ მიდიან“, – ნათქვამია ბრიტანულ ყოველკვირეულ ჟურნალ The Spectator-ში დაბეჭდილ სტატიაში სათაურით „რას ნიშნავს „გამარჯვება“ უკრაინულად?“ (ავტორი – ოუენ მეთიუზი).
პუბლიკაციაში გაანალიზებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმა“, რომელიც ამჟამად, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს იხილება. გარდა ამისა, მასალაში საუბარია რუსეთ-უკრაინის ომის საგარეოპოლიტიკურ ასპექტებზე და სავარაუდო კომპრომისებზე სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მიზნით.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ ძირითად ელემენტს თანამედროვე შეიარაღების მიწოდების გაფართოება წარმოადგენს. ვოლოდიმირ ზელენსკის უფრო მეტად შორი მოქმედების რაკეტების მიღება და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ობიექტების დასაბომბად მათი გამოყენების უფლების მიღება სურს. მას უნდა, რომ დასავლეთმა გარანტირებულად მხარი დაუჭიროს უკრაინის მიღებას ნატოში და ევროკავშირში. თუ ზელენსკის სურვილები არ შესრულდება, მაშინ, როგორც ბორის ჯონსონი (ბრიტანეთის ექს-პრემიერი) წერს, უკრაინა დამარცხდება. ეს იქნება „კატასტროფული მარცხი არამარტო კიევისათვის, არამედ ნატოსთვისაც. უკრაინის მარცხი მთელი მსოფლიოსათვის დასავლეთის ავტორიტეტის საჩვენებელი კრახი იქნება“.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბორის ჯონსონის ლოგიკის თანახმად, თუ უკრაინიდან რუსეთის ჯარები მთლიანად არ იქნებიან გაყვანილნი (იგულისხმება 2014 წლიდან დაკავებული ყველა ტერიტორიიდან), მაშინ ეს უკრაინის დამარცხების ტოლფასია. ამიტომაც, უკრაინა ვალდებულია იმდენს ხანს იომოს, რამდენიც საჭირო იქნება, ანუ სანამ მიზანს არ მიაღწევს. ამისათვის უკრაინა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, საზღვარგარეთ მყოფი უკრაინელების ჯარში იძულებითი გაწვევის ჩათვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ უკრაინას ტერიტორიები არ დაუბრუნდება და რუსეთი არ დაისჯება, მშვიდობის დამყარება შეუძლებელია.
ამასობაში კი უკრაინული საზოგადოების პოზიცია ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იცვლება – სულ უფრო მეტი მცხოვრები ითხოვს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მშვიდობის დამყარებას და უსაფრთხოებას. იქნებ უკრაინის გამარჯვების ჭეშმარიტება გამოიხატება არა იმდენად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ და აყვავებულ სახელმწიფოს გადაქცევაში? ისეთ ქვეყნად, რომელსაც სამომავლოდ გარანტიები ექნება ნატოს წევრად მიღებაში? იქნებ სწორედ ეს არის ის „გამარჯვება“, რომ ახალგაზრდა უკრაინელების – ქვეყნის მთავარი სიმდიდრის – გარდაუვალი სიკვდილი, ნგრევა, უბედურება აღარ გაგრძელდება და ქვეყანა ფერფლისაგან აღდგება?
(…)
იდეალში „გამარჯვება“, რასაკვირველია, მშვიდობისა და სამართლიანობის ელემენტებს უნდა შეიცავდეს, მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ უკრაინის ტერიტორიული გაყოფა, როგორ ტრაგიკულადაც არ უნდა ჟღერდეს, უკვე განხორციელდა. გავიხსენოთ დეიტონის შეთანხმებები იუგოსლავიის დაშლის შემდეგ: მომლაპარაკებელმა მხარეებმა აღიარეს, რომ დაკარგული მიწების უკან დაბრუნება და „სტატუს-ქვო ანტე ბელუმ“-ის (ლათ. „რაც იყო ომამდე“) აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ დონბასში და ყირიმში ამჟამად ფაქტიურად მხოლოდ რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. და თუ მათ ისევ უკრაინის შემადგენლობაში ცხოვრებას აიძულებენ, განა ამით უკრაინა ძლიერი, სტაბილური, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყანა იქნება? ალბათ, უფრო პირიქით.
(…)
განა ვინმე ამტკიცებს, რომ ფინეთმა 1939-40 წლებში „ზამთრის ომი“ წააგო, როცა იოსებ სტალინის „უძლეველ“ წითელ არმიას ებრძოდა? პირიქით: მიუხედავად მტრის მრავალრიცხოვნობისა, მამაცმა ფინელებმა თავიანთი თავგანწირული ბრძოლით რუს დამპყრობლებს დიდი ზარალი მიაყენეს და გარკვეული [გარდაუვალი] ტერიტორიული კომპრომისის ფასად შეძლეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, შეძლეს ქვეყნის აყვავება და მართვის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება.
რა თქმა უნდა, კომპრომისებს ძალიან ხშირად თან ახლავს სინანული, სირცხვილისა და ღალატის გრძნობა: „რას იტყვის ჩვენზე შთამომავლობა? როგორ სახელს ვტოვებთ ქვეყნის ისტორიაში?“. დიახ, ომს მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა, მილიონობით უკრაინელმა სახლ-კარი დაკარგა და უცხოეთს შეფარა თავი… მაგრამ იგივე მოხდა 1945 წელს პომერანიისა და აღმოსავლეთ პრუსიის მცხოვრებ გერმანელთა მიმართ, იგივე მოხდა ქაშმირელების, პენჯაბელებისა და ბენგალიელთა მიმართ 1947 წელს, კვიპროსელთა მიმართ 1974 წელს… ალბათ, რუსეთ-უკრაინის ომიც მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს, როცა ვერცერთი მხარე ერთმანეთს ვერ ამარცხებს, ზარალი კი კატასტროფულად მატულობს.
მოამზადა სიმონ კილაძემ