არჩევნები საერთო საქმეა, ამ საერთო საქმეში ყველა ჩართულ მხარეს, მონაწილე პირს აქვს თავისი პასუხისმგებლობა -გიორგი კალანდარიშვილი

9
spot_img

არჩევნები საერთო საქმეა და ამ საერთო საქმეში ყველა ჩართულ მხარეს, მონაწილე პირს აქვს თავისი პირდაპირი თუ ირიბი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.

„ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ ამომრჩევლის ინფორმირებულობა და ამ ინფორმირებულობის შედეგად შესაბამისი ქმედებების განხორციელება, აქტიურობა და ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ სიაში იქნება იქ, სადაც საკუთარი ქმედებით განახორციელებს გარკვეულ მოქმედებას. ზოგადად, უბნის ფორმირება ხორციელდება პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საარჩევნო უბანი იქმნება იმ კონკრეტულ საზღვრებში და ლოკაციის ფარგლებში რეგისტრირებულ პირთა მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის, რომ თუ ამომრჩეველმა, ან მისმა ოჯახის წევრებმა შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი, ადგილი ჰქონდა უძრავი ქონების გასხვისებას და სხვა ლოკაციაზე ხელახალი რეგისტრაციის განოხორციელებას, ან ოჯახის წევრების არგადაწერას, მათ მოახდინონ რეგისტრაცია შესაბამის ლოკაციაზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ხშირად არის ხოლმე ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებით საკითხების მიზანმიმართულად, მანიპულაციურად წარმოჩენა.

„რა თქმა უნდა, უპირატესი, ფუნდამენტური და კონსტიტუციური გახლავთ ის საკითხი, რომ ამომრჩეველმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მას უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. თუ ამომრჩეველი არის უმისამართო, მას არ აქვს რეგისტრაციის მისამართი, ცხადია, ეს არ უნდა გახდეს ხელის შემშლელი გარემოება იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ვერ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამიტომ, კანონმდებელმა, საგამონაკლისო წესით, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრა წესი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი არჩევნებში მონაწილეობა. რაც მდგომარეობს იმაში, რომ თუ პირს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტში აქვს მითითებული – უმისამართო, 5 ოქტომბრის ჩათვლით თუ არ მიმართა სერვისების სააგენტოს, არ მოითხოვა სხვა მისამართზე რეგისტრაცია და ახალი მისამართის დაფიქსირება, სერვისების სააგენტო ბოლო რეგისტრაციის მიხედვით, რომელიც დაფიქსირებული იყო სააგენტოში, ამ ადგილზე მიაკუთვნებს და განსაზღვრავს მის არჩევნებში მონაწილეობის მიზნებისთვის რეგისტრაციის ადგილს, რაც არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს შესაბამის ჩაწერას იმ კონკრეტულ ლოკაციაზე სხვა მესაკუთრესთან. სამწუხაროდ, ჩვენ გვინახავს პრაქტიკაში შემთხვევები, როცა მესაკუთრე წუხს, რომ მან თითქოს აღმოაჩინა მის ოჯახში ჩაწერილი რამდენიმე უცხო პირი. რა თქმა უნდა, ამას შეიძლება, ჰქონდეს რამდენიმე ობიექტური მიზეზი, მათ შორის ერთ-ერთი – ჩემ მიერ დასახელებული. მესმის, რომ ამან შეიძლება, ბუნებრივი წუხილი გამოიწვიოს, როდესაც ამოწმებთ სიას და უცებ ნახულობთ, რომ რამდენიმე უცხო ადამიანია რეგისტრირებული თქვენ მისამართზე, თუმცა ეს ასე დავარქვათ მიწერა, არის საარჩევნო რეგისტრაცია არჩევნების მიზნებისთვის და ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს საკუთრებაში ჩაწერას“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართა, 8 ოქტომბრის ჩათვლით გადაამოწმონ საკუთარი და ოჯახის წევრთა მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უზუსტობის აღმოჩენის, ან დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში მიმართონ, როგორც ცესკო-ს ცხელ ხაზს და სხვა საკომუნიკაციო არხებს, ასევე სერვისების განვითარების სააგენტოს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, როგორც ერთიან საარჩევნო სიაში მონაცემების გადამოწმება, ასევე, შესაბამისი დოკუმენტის ვალიდურობის შემოწმება, პირადობის მოწმობის, ან პასპორტის უფლებამოსილების ვადებში არსებობა.