სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება – შალვა პაპუაშვილი

12
spot_img

სალომე ზურაბიშვილს 1 000 მსჯავრდებული ელოდება – ისინი გუშინ და გუშინწინ უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არ არიან იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დიდი პოლიტიკითაა დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილს „პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია“.

„1 000 მსჯავრდებული, რომელიც ერთი კვირაა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ატარებს, არის იქ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი თაღლითი ხაზარაძის და გახარიას საკითხებითაა დაკავებული. მას მსჯავრდებულებისთვის არ სცალია, ეს მდგომარეობა გვაქვს. ფაქტობრივად, პროფანაციად აქცია სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტი, აბსოლუტურად, მისთვის აღარანაირი წესი არ არის, პრეზიდენტის ინსტიტუტი მისი უკანა ეზო ჰქონია, როგორც თანამდებობა.

ხედავთ, რომ კონსტიტუციას პატივს არ სცემს, კონსტიტუციას ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევს. მათ შორის, ამ რაღაც წინასაარჩევნო პერიპეტიებით დაკავებულია, რომელიც მისი საქმე არ არის და ამ დროს კონსტიტუციასაც არღვევს. მაშინ, როდესაც ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან და მას 1 000 ადამიანი ელოდება. ისინი გუშინ და გუშინწინ უკვე თავის ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ისინი თავის ოჯახებში არ არიან იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეებზე ფიქრი ეზარება და დაკავებულია მაღალი მატერიის საკითხებით, დიდი პოლიტიკითაა დაკავებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.