როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით – რას წერს Sunday Observer

12
spot_img

შრი-ლანკის ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გაზეთის „სანდი ობსერვერის“ (Sunday Observer – იბეჭდება კოლომბოში 1928 წლიდან) 22 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ აღორძინდა საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით“ (ავტორი – პრასანა პრემედასი, პროფესორი, თავდაცვის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი).

პუბლიკაციის შესავალში გადმოცემულია საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატური და დემოკრაფიული მონაცემები, მმართველობის ფორმა, ადმინისტრაციულ-პოლიტიკური მდგომარეობა და ა.შ. „მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, შავი ზღვისა და აბრეშუმის დიდ გზის მეშვეობით, აქტიურად იყო ჩაბმული ვაჭრობაში იმდროინდელ მრავალ ქვეყანასთან – დასავლეთისა და აღმოსავლეთის იმპერიებთან“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში, შემდეგ კი ავტორი უშუალოდ განიხილავს საქართველოს თანამედროვე მდგომარეობას, დაწყებული 1990-იანი წლებიდან:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ამავე პერიოდში ქვეყანაში დაიწყო მსხვილი ეკონომიკური გარდაქმნები, თუმცა პარალელურად – ისევე როგორც სხვა პოსტასაბჭოთა რესპუბლიკები, საქართველოც ეკონომიკური კოლაფსში მოექცა (1994 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი, 1989 წელთან შედარებით, ერთი მეოთხედით შემცირდა). სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა პოლიტიკური არასტაბილურობით, რეგიონული სეპარატიზმით, სამოქალაქო ომით და სხვა ნეგატიური პროცესებით. 1997-98 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოზეც უარყოფითი გავლენა იქონია. შემცირდა უცხოური ინსვესტიციები. აყვავდა კორუფცია, ნათლიმამობა… გაიზარდა უმუშევრობა… გაფართოვდა შროის უნარიანი მოსახლეობის მიგრაცია უცხოეთის ქვეყნებში.

ასეთ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა საქართველომ დახმარებისთვის მსოფლიო ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა, რომლებმაც ქვეყანას ხელი შეუწყეს სხვადასხვა რეფორმების გატარებაში და ეკონომიკის აღდგენაში. საქართველოს მთავრობამ მეწარმეობას განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები შეუქმნა, შეამცირა კორუფციის დონე, მიიზიდა უცხოური ინვესტიციები… განსაკუთრებით განვითარდა ტურიზმი… მსოფლიო ბანკმა საქართველოს „მსოფლიოში უპირველესი ეკონომიკური რეფორმატორი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ბიზნესის წარმოების გაიოლების რეიტინგში 112-ედან მე-18 ადგილზე გადაინაცვლა. 2020 წლისათვის ამ მხრივ სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდა – ქვეყანამ მსოფლიოს მასშტაბით მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში 2021 წელს მე-12 ადგილი. 2001 წელს საქართველოს მოსახლეობის 54% სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო 2023 წლისათვის ეს მაჩვენებელი 11,8%-მდე შემცირდა (…)

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ბოლო წლებში დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის კრედიტი გამოიყო. მისი დახმარებით საქართველო წარმატებით გაუმკლავდა კრიზისს, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიამ გამოიწვია – ქვეყანის ეკონომიკამ შეინარჩუნა სტაბილურობა, დაჩქარდა საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდა. განმტკიცდა საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. (…)

21-ე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისისათვის ქვეყანაში უკვე მკვეთრადაა შემცირებული უმუშევრობა, გაზრდილია მოსახლეობის კეთილდღეობის დონე. დიდი ინვესტიციებია ჩადებული ინფრასტრუქტურისა და საინფორმაციო (ციფრული) ტექნg6ოლოგიების განვითარებაში.  2023 წლისათვის საქართველომ ინოვაციების გლობალურ ინდექსში 65-ე ადგილი დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო პოლიტიკისა და სახელმწიფო ბიუჯეტის გონივრული მართვის წყალობით საქართველომ ეკონომიკური ჩამორჩენის დაძლევა მოკლე ხანში შეძლო“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

წყარო