,,თუ ეს გაერთიანება, საბოლოოდ შედგა, იქნება ამ ხელისუფლების ყველაზე რეალური ალტერნატივა”- დავით ზურაბიშვილი

14
spot_img

,,ერთის მხრივ გახარიას პარტიის და მეორეს მხრივ ლელოს (თავისი მოკავშირეებით) გაერთიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ეგიდით, არის არსებულ სიტუაციაში არა უბრალოდ სწორი გადაწყვეტილება, არამედ გადაწყვეტილება, რომელმაც თავისუფლად შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გაშვებაში.

ქვემოთ შევეცდები მოკლედ დავასაბუთო, თუ რატომ ვფიქრობ ასე. თუმცა მთლად მოკლედ თქმა ალბათ არ გამომივა თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე.

კერძოდ, ამგვარი გაერთიანების შედეგად:

ა) მოხდება “არც ნაცი არც ქოცი” ამომრჩევლის კონსოლიდაცია და სინერგია. ცხადია, არსებობს გახარიას ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა ლელო და ლელოს ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა გახარია, მაგრამ გაცილებით მეტია ისეთი, ვინც ამ ტაქტიკურ ერთობას დადებითად უყურებს და თუ მანამდე არ აპირებდა არჩევნებზე წასვლას, ამ გაერთიანების ხმის მისაცემად აუცილებლად წავა. წავა არა იმიტომ, რომ თავისთავად აღფრთოვანებულია რომელიმე ლიდერით, არამედ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სალომე-ხაზარაძე-გახარიას ტრიუმვირატი იმთავითვე კრეფს ორნიშნა რეიტინგს და დიდი შანსია საერთოდ ლიდერი ოპოზიციური გაერთიანება აღმოჩნდეს.

ბ) ამგვარი ძლიერი გაერთიანება ფაქტობრივად ანგრევს სახელისუფლო პროპაგანდის ორ მთავარ თეზისს. ესენია “აბა ომი გინდათ?” და “აბა ნაცები გინდათ?”. პრინციპში ოპოზიციის ომის პარტიად წარმოჩენაც ეფუძნება იმ შიშს, რომ თუ ბიძინა არ იქნა, მოვა მიშა, გააღიზიანებს პუტინს და ის თავს დაგვესხმება. მიშა რომ ომის დამწყებია, ამის დაჯერება ქოც და მოქოცო ამომრჩეველს მარტივად შეუძლია, მაგრამ, გახარია დაიწყებს ომს ან ხაზარაძე იქნება ომის გამჩაღებელიო, ეს რამდენიც არ უნდა იძახოს ხელისუფლებამ მაინც არავინ დაიჯერებს, ისევე როგორც მათ ნაცობას. როდესაც არსებობს ნაცმოძრაობაზე არანაკლები რეიტინგის მქონე არანაცური პოლიტიკური ძალა, ამომრჩევლის დაშინება იმით, რომ ისევ მიშა და ნაცები მოვლენ, უკვე არაეფექტიანი ხდება და დიდწილად აღარ იმუშავებს.

გ) ის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა შეიძლება იყოს არანაცური პარტიების გაერთიანება, არის თვისებრივად ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკაში. 2012 წლის შემდეგ არასდროს ყოფილა ასე. ვფიქრობ ეს გააჩენს ახალი ტიპის ოპოზიციურ ამომრჩეველსაც და შესაძლოა ხელისუფლების იმ მომხრეების ნაწილიც მოიზიდოს, რომელიც ოცნებას ხმას აძლევენ, როგორც ნაცების არცთუ სასურველ, მაგრამ ერთადერთ ალტერნატივას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს გაერთიანება, თუ იგი საბოლოოდ შედგა, იქნება ამ ხელისუფლების ყველაზე რეალური ალტერნატივა ბოლო თორმეტი წლის მანძილზე. გამომდინარე ამ არჩევნების მნიშვნელობიდან, როცა არჩევანი ფაქტობრივად არის ქართულ სახელმწიფოებრიობასა და რუსულ ორღობეს შორის, მსგავსი ალტერნატივის გაჩენას სასიცოცხლო და ეგზისტენციური მნიშვნელობა აქვს.”- წერს დავით ზურაბიშვილი სოცილურ ქსელში