ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე, მის გარეთ – ათწლეულებია საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით – პაველ ჰერჩინსკი

7
spot_img

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ – ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით , – ამის შესახებ დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ელჩი აღნიშნავს, რომ დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა, ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება.

ჰერჩინსკის არჩევნების მნიშვნელობას უსვამს და განმარტავს, რომ ხმის მიცემა მოქალქეების კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა და თითოეული ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.

“დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება.

დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რაც საქართველოსაც მოიცავს. ხმის მიცემა თქვენი კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ.

ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა. ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით.

ამ დღეს და ყოველდღე უნდა უზრუნველვყოთ, რომ დემოკრატიული ფასეულობები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ იყოს დაცული.

საქართველოს მოსახლეობას გვერდში ვუდგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. წინ, საქართველო, წინ!””,- წერია ელჩის განცხადებაში.