რატომ არიდებენ თავს არმიაში სამსახურს ბერლინში მყოფი უკრაინელი მამაკაცები? – Der Tagesspiegel

16
spot_img

„უკრაინას სასწრაფოდ ჭირდება მეტი ჯარისკაცი, მაგრამ ბევრი უკრაინელი, რომლებიც ახლა არმიაში უნდა ყოფილიყვნენ გაწვეულები და სამშობლოს დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე უნდა იდგნენ, ამჟამად ბერლინში ცხოვრობენ და ევროპული ცხოვრებით ტკბებიან. ვინ არიან ისინი და რას ფიქრობენ ომზე, რატომ გაექცნენ არმიაში სამსახურს? – ასეთი კითხვაა დასმული გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagesspiegel) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გაქცევა გერმანიაში, ფრონტზე ბრძოლის ნაცვლად: რატომ არიდებენ თავს არმიაში სამსახურს ბერლინში მყოფი უკრაინელი მამაკაცები?“ (ავტორი – იულია ვალოვა).


გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:


„ტაგესშპიგელის“ ჟურნალისტი ესაუბრება ერთ-ერთ უკრაინელ მამაკაცს, 43 წლის არტემ კოროლკოს (მისი ნამდვილი გვარი-სახელი შეცვლილია), რომელმაც გაქცევა მოახერხა (ანუ ფაქტობრივად დეზერტირი გახდა) და ბერლინში ავტომანქანით ჩავიდა. იგი დასავლეთ უკრაინიდანაა, ქალაქ როვნოდან.


სანეტარო დასვენება დამღლელი გზის შემდეგ


„არტემი ხანგრძლივი გზის გავლით ფიზიკურად დაღლილია, მაგრამ ამბობს, რომ თავისუფლების შეგრძნება მას სულიერ ძალებს ანიჭებს. იგი ერთ-ერთია იმ 250 ათასი უკრაინელი გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცთაგან, რომლებიც გერმანიაში ცხოვრობენ ლტოლვილის სტატუსით. რასაკვირველია, სინამდვილეში არტემს სულ სხვა სახელი ჰქვია, რათა მას პრობლემები არ შეექმნას. მისი ცოლი ანა ბერლინში უფრო ადრე ჩამოვიდა. უახლოეს ხანში არტემი ბინადრობის უფლებას მიიღებს და თავისი ავტომობილის რეგისტრირებასაც შეძლებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე არ დაბრუნდება“, – წერს ავტორი.


უკრაინის კანონების მიხედვით, მობილიზაციას ექვემდებარება გასაწვევი ასაკის (18-დან 60 წლამდე) მქონე ყოველი მამაკაცი, რომელიც სამხედრო კომისარიატებში (გასაწვევ პუნქტებში) აღიცხვაზე უნდა დადგეს. ისინი ვალდებულნი არიან ყოველთვის თან ჰქონდეთ სამხედრო ბილეთი. მამაკაცს, რომელსაც სამხედრო ბილეთს მოსთოვენ შემოწმებისას და დოკუმენტს ვერ წარადგენს, მას სასჯელი ემუქრება.


ბოლო თვეებში არტემი, რომელიც მშობლიურ ქალაქ როვნოში ცხოვრობდა, გარეთ იშვიათად გამოდიოდა – ეშინოდა, რომ მას სამხედრო გასაწვევი პუნქტის თანამშრომლები დაიჭერდნენ და ფრონტზე გაგზავნიდნენ. იგი პროფესიით პროგრამისტია და დისტანციურად მუშაობდა. ტანსაცმელს, სასმელს და საჭმელს სახლიდან უკვეთდა. მისი მეუღლე ანა ამჟამად გერმანულ ენას სწავლობს და დასაქმების ცენტრშია დარეგისტრირებული, იღებს დახმარებას. ანა ბერლინში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა და სურდა, რომ ქმარიც გერმანიაში მასთან ერთად ყოფილიყო. როგორც იქნა, თანხა შეგროვდა, ვიღაც-ვიღაცეები გასაწვევ კომისიაში ფულით მოისყიდეს და საჭირო სამედიცინო ცნობა მიიღეს – თითქოსდა არტემი ინვალიდია და ჯარში სამსახურს არ ექვემდებარება. პოლონეთის საზღვარზე გადასვლისას იგი ღელავდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა – არტემი თავისუფალი ევროპის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შევიდა.


„არტემი კარგი პროგრამისტია, მშვენივრად იცის ინგლისური ენა. რატომ უნდა წავიდეს იგი ომში ადამიანების მოსაკლავად? მას არ სურს სხვების დახოცვა“, – ამბობს ანა, არტემის ცოლი, – „როცა ჩვენ კარგი შემოსავლები გვექნება, დავიწყებთ ფულის გადარიცხვას უკრაინის არმიისათვის“.


ქორწილი მობილიზაციის ნაცვლად


სანამ არტემ კოროლკო მობილიზაციისაგან თავის არიდების საშუალებას ეძებდა და უკრაინიდან გაიქცეოდა, მანამ 28 წლის დენის რიაბჩის (გვარ-სახელი შეცვლილია) გამოსავალი უკვე ნაპოვნი ჰქონდა. მაისში მან ცოლად გერმანელი ქალი შეირთო. ამჟამად ახალგაზრდები ბერლინში დაქირავებულ ბინაში ცხოვრობენ და ერთმანეთს ესიყვარულებიან: „შეგიძლიათ მომილოცოთ – მალე ბავშვი მეყოლება. ასე რომ, მე პრაქტიკულად გერმანიის მოქალაქე ვარ“, – ამბობს „ტაგესშპიგელის“ ჟურნალისტთან საუბარში დენისი.


„ჩვენ ერთმანეთი სამუშაოზე გავიცანით. ჩემი მომავალი მეუღლე კლარა ისე შემიყვარდა, როგორც კინოში ხდება ხოლმე. ასე რომ, ნუ იფიქრებთ, რომ მე გერმანელი ცოლი მხოლოდ მობილიზაციისაგან თავის დაღწევის გამო შევირთე“, – ხაზს უსვამს დენისი. იგი ვარაუდობს, რომ ომის შემდეგ კლარას უკრაინაში წაიყვანს და მშობლებს გააცნობს. „მე, რასაკვირველია, მიყვარს სამშობლო და მზად ვარ უკრაინას გერმანიიდან დავეხმარო… მაგრამ ფრონტზე არ ვიბრძოლებ. მე სისხლისმსმელი და კაცთმოძულე ადამიანი არ ვარ“. დენისი პროგრამისტია და ამბობს, რომ გერმანიაში მისი ჰობი მინი-ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვემეხების შექმნაა.


უკრაინის ხელისუფლებამ საზღვარგარეთ მყოფი ჯარში გასაწვევი ასაკის მქონე მამაკაცებისათვის შეზღუდვები დააწესა – მათ არ შეუძლიათ საელჩოებში ახალი პასპორტების მიღება, მაგრამ დენისს ეს საკითხი არ აღელვებს – მის უკრაინულ პასპორტს მოქმედების ვადა 2028 წლამდე აქვს. „ვფიქრობ, ომი მომავალ წელს დამთავრდება და მე მობილიზაცია, უკრაინის სამხედრო კომისარიატში მისვლა და ფრონტზე წასვლა არ მემუქრება… ცოტასაც მოვითმენ და ყველაფერი კარგად იქნება“, – იმედიანად აცხადებს დენისი.


წყარო