,,ვთავაზობთ მოქალაქეებს, ჩაერთონ არჩევნების დაკვირვების პროცესში”- ნინო ლომჯარია

8
spot_img

30-ამდე სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს დააკვირდეს.

“ჩემი ხმა” – ეს არის მთავარი ლოზუნგი, რომლის გარშემო მესამე სექტორთან ერთად, არჩევნებზე დაკვირვების მსურველი მოქალაქეები ერთიანდებიან.

მოხალისეობრივი მოძრაობა არჩევნებს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით დააკვირდება, არამედ საზღვარგარეთაც.

როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია აცხადებს, საყოველთაო სამოქალაქო დაკვირვება საქართველოს მოქალაქეების დაკვეთაა.

“რუსული კანონის” მიღებიდან მეორე დღესვე მოქალაქეებმა თავად დაიწყეს ამ ინიციატივის გარშემო გაერთიანება. ეს სურვილი თავად მოქალაქეებში დაიბადა. ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, 30-მდე ორგანიზაცია ამ მოლოდინებს ვპასუხობთ. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ დაკვირვების პროცესში. გაერთიანებული ვართ ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებსაც გვაქვს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დაკვირვების გამოცდილება, ცოდნა შესაძლო დარღვევების და საარჩევნო მანიპულაციების შესახებ. მოვამზადებთ საქართველოს მოქალაქეებს, მათი პროფესიის, ინტერესის და საქმიანობის სფეროს მიუხედავად. საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან მოქალაქეს შეუძლია დარეგისტრირდეს, როგორც დამკვირვებელი”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისი განმარტებით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზეც იქნებიან დამკვირვებლები, რომ

საარჩევნო დარღვევების პრევენცია მოხდეს. ამასთან, ლომჯარიამ წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არის სიძულვილის შემცველი კამპანია ხელისუფლების მხრიდან.

“მათ ოფიციალურ საარჩევნო კლიპშიც არიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, როგორც სიძულვილის ობიექტები და ეს მიუღებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ამ რეალობაში გვიწევს ყოფნა”, – განაცხადა ლომჯარიამ.