ცესკოს თავმჯდომარემ გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა

16
spot_img

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილა.

გაეროს მუდმივ კოორდინატორს დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში დაგლას უებს და რეგიონული მრჩეველ მშვიდობისა და განვითარების საკითხებში ოლეჰ პროციკს გიორგი კალანდარიშვილი დღეს გაეროს საქართველოს ოფისში შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა 2024 წლის არჩევნები იყო. ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. მან აღნიშნა, რომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 27 პოლიტიკური პარტია და შემდეგი ეტაპი პარტიული სიების წარმოდგენაა, რომლის ბოლო ვადაც 26 სექტემბერია. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო კამპანიის წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ პარტიების რიგითი ნომრები, შესაძლებლობის ფარგლებში, უადრეს ვადებში განსაზღვრა.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ცესკოს ინიციატივა პარტიებისთვის ეთიკის კოდექსის შემუშავების შესახებ, რომელზე ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება ეთიკის კოდექსის გაფორმება არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად, საარჩევნო ადმინისტრატორების ეთიკის სტანდარტების ამაღლების მიზნით, ცესკომ შესაბამისი ცვლილებები შეიტანა საარჩევნო კომისიების წევრთა ეთიკის კოდექსშიც.

შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ასევე ისაუბრეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციისა და ელექტრონული არჩევნების ჭრილში ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხებზე. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება მიუკერძოებელი და ობიექტური სადამკვირვებლო მისიების ჩართულობასა და დაკვირვებას. რაც შეეხება ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას, მისი თქმით ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამ დროისათვის ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველია ინფორმირებული. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება. პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებდა და პასუხობდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

მხარეებმა ასევე განიხილეს ამ დროისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებები და არსებული გამოწვევები, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელების საკითხები.

შეხვედრის დასასრულს გიორგი კალანდარიშვილმა გაეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხებით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.