საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

16
spot_img

საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო-საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. ცესკო-ს ინფორმაციით, 3 030 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 51 510 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 090 ხელმძღვანელი პირი და 15 150 წევრი. დანარჩენ 27 270 წევრს კი უფლებამოსილი ცხრა პოლიტიკური პარტია დანიშნავს.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას 2-დან 5 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18.00 საათამდე. ასევე, განმცხადებელმა საკონკურსო დოკუმენტაცია შესაძლებელია წარადგინოს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის Konkursi.cec.gov.ge საშუალებით.

პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკო-მ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში. აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წელს პირველად საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს.

კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო გახდა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს. გამოცდები 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით ჯამურად სულ ცხრაჯერ ჩატარდა. ხუთი გამოცდა – საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის (მათ შორის, ორი გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით), ხოლო ოთხი გამოცდა – საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (მათ შორის, ორი გამოცდა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების ენებზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით). საერთო ჯამში, სერტიფიცირებულია 34 000-მდე პირი.

ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტი განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას.

აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, დაინტერესებული მხარეების მხრიდან საუბნო საარჩევნო-კომისიების წევრთა შერჩევის პროცესის დისკრედიტაციის მცდელობას არ გამოვრიცხავთ. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესის ისეთ მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიცაა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.