აფხაზ „დეპუტატებს“, რომლებიც „აპარტამენტების შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

13
spot_img

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი იმ ოპოზიციური ე.წ. დეპუტატებისთვის, რომლებიც “აპარტამენტების შესახებ” კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, – „ეხო-კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ აფხაზური ოპოზიციური „ტელეგრამ“ არხები RESPUBLICA და „აფხაზური პორტალი“ იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, ბჟანიასა და ნოვაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რომლის ნამდვილობა, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის, მოსკოვი გეგმავს, 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთს შეუჩეროს ფინანსური დახმარება მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს გარკვეულ ვალდებულებებს, მათ შორის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთ აღიარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რუსი იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა, კომერციული უძრავი ქონების (აპარტამენტების) ბაზარზე რუსი ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა.

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც აფხაზი ე.წ. დეპუტატებისთვის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევას ეხება, ნათქვამია:

„გათვალისწინებულ იქნა აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანიას) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია სახალხო კრების – აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზური ოპოზიციის ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების მიზნების საზიანოდ მოქმედებენ, მათი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით”.

შეგახსენებთ, “აპარტამენტების შესახებ” კანონპროექტი აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან გაწვეულია. ის აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში აპარტამენტების მშენებლობას ითვალისწინებდა.