სასწორის ერთ პინაზე დევს ქვეყნის ევროპული, დემოკრატიული მომავალი, მეორე პინაზე კი დევს რამდენიმე ადამიანის საზიანო, ახირებული ქმედება – ეკა ბესელია

24
spot_img

სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა, მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. თქვენ გადაწყვიტეთ, ქვეყანაა უპირველესი თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის შეჩერებით საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქეების უფლებებს დაიცავს და ევროინტეგრაციის შეჩერებული პროცესის აღდგენასაც ხელს შეუწყობს.

„თუ ამ კანონს თქვენ შეაჩერებთ და ამას გააკეთებთ რაც შეიძლება მალე, იქნება ის, რაც ხელს შეუწყობს 78-ე მუხლს. თუ არა, მჯერა, ისევე როგორც, ამ დარბაზში, თქვენ გიყურებთ, ეს კანონი მაინც გაუქმდება, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ რაც შეიძლება სწრაფად და მალე, ეს იმ მოსალოდნელ ზიანს ააცილებს ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურია. ერთი თუ ორი პროექტი, რამდენიმე მილიონიანი დახმარება და ა.შ ეს შეიძლება იყოს ზიანის შემადგენელი ნაწილი და არასრული ჩამონათვალი, მაგრამ მას აქვს განგრძობითი ხასიათი, იმიტომ, რომ ამ თანმიმდევრობით ბევრი სხვა დახმარება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ, ჩერდება. განგრძობადი ზიანი არის ის, რომელიც მოქალაქეების სიცოცხლის უფლების დაცვასაც ემსახურება და მათ სხვა უფლებებს, რომელზეც აქ იყო საუბარი. ევროინტეგრაციის პროცესი როგორც შეჩერდა, მისი განახლება ნებისმიერ დროს შესაძლებელია, აგერ, შემოდგომაზე. იცით, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ მორიგი შეფასების დასკვნა მზადდება და ეს შემოდგომაზე მოხდება, რომლითაც შეფასდება, რას აჩვენებს საქართველოს ხელისუფლება და კონსტიტუციური ორგანოები. ამ სადაო აქტის, ამ კანონის შეჩერებით, მათ შორის, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არსებობს ქვეყნის შიგნით შესაძლებლობა, ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესი გააგრძელოს. სამოქალაქო საზოგადოებამ კი ნორმალური და ამ იარლიყებით გარეშე ფუნქციონირება გააგრძელოს, არ დაიხუროს და არ შეწყვიტოს საქმიანობა, რისი საფრთხეებიც არსებობს, [კანონის] მეორე ნაწილის ამოქმედების შემდეგ. მათ შორის ბევრი ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ ემსახურება ამ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვას…

სასწორის ერთ პინაზე დევს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი, ევროპული, სამართლიანი, დემოკრატიული მომავალი. ჩვენი მოქალაქეების ღირებულებითი არჩევანი. სასწორის მეორე პინაზე დევს რამდენიმე ადამიანის ქვეყნის საზიანო ახირებული ქმედება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შემოატრიალოს და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წავიდეს. თქვენთვისაც ეს დევს სასწორის ორივე მხარეს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ, სწორედ იმ ორგანომ, რომელიც ვალდებულია დაიცვას კონსტიტუცია და 78-ე მუხლის მიზანი, ამ გადაწყვეტილებით უნდა უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვას და მნიშვნელოვანი ნდობის ტესტი კიდევ ერთხელ გაიაროს.

სასწორის ერთ პინაზე ქვეყანაა, მეორე მხარეს რამდენიმე ადამიანი. თქვენ გადაწყვიტეთ ქვეყანაა უპირველესი თუ ამ კანონის ავტორები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან“,- მიმართა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.