“ღამის სერენადების” ბათუმური კონცერტები დასრულდა

22
spot_img

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ ბათუმური კონცერტები დასრულდა.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 25 აგვისტოს ვირტუოზმა მევიოლინემ, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა ელვინ ხოჯა განიევმა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად შეასრულა ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას წელიწადის დროები.

„ელვინ ხოჯა განიევი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორისაა ენესკუს, ჰეიფეცის, ოისტრახის, ლიპინსკი-ვენიავსკის კონკურსები და მრავალი სხვ. იგი სტამბოლის IKSV კულტურისა და ხელოვნების პრემიის ლაურეატია. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, რომელთა შორისაა რომის პაპის მედალი. ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი, უკრავს უნიკალურ, 1715 წლის ჯუზეპე გვარნერის ვიოლინოზე „filius Andreae“, ეჟენ სარტორის ხემით. 25 აგვისტოს კონცერტზე მან შეასრულა ანტონიო ვივალდის „წელიწადის დრონის“ კადენციები, რომელიც სპეციალურად ბაბუამისისთვის, სერვერ განიევისთვის დაწერა ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა ანტონიო პიროლიმ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბათუმის ბოლო კონცერტზე ელვინ ხოჯა განიევმა და ქართველმა მუსიკოსებმა ლიზი რამიშვილმა და სანდრო ნებიერიძემ ერთად დაუკრეს და მსმენელის აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

„კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და ამით დასრულდა „ღამის სერენადების“ ბათუმური ნაწილი. დიდად მოხარულები ვართ პუბლიკის ასეთი თბილი და აღტაცებული რეაქციის. ჩვენთვის ყოველთვის დიდი სიხარულია დახვეწილი მუსიკალური გემოვნების მქონე ბათუმელ მსმენელთან შეხვედრა. წელს ბათუმური ნაწილი 2 კონცერტისგან შედგებოდა. 23 აგვისტოს შესანიშნავი იტალიელი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტაფანო პიეტროდარკი წარსდგა მსმენელის წინაშე ჩვენს შესანიშნავ ფესტივალის საბაზო ორკესტრთან “საქართველოს ვირტუოზები“ ერთად (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე). მარიომ შეასრულა ძალზე საინტერესო პროგრამა – ფილმური მუსიკით დაწყებული, არგენტინული ტანგოთი დამთავრებული: ენიო მორიკონეს, ნინო როტას, ასტორ პიაცოლასა და სხვათა ნაწარმოებები.
განსაკუთრებული სიურპრიზი იყო მსმენელისთვის სპეციალურად მოწვეული სტუმრის უნიჭიერესი ახალგაზრდა მევიოლინეს ელვინ ხოჯა განიევის მონაწილეობა ამ კონცერტში. მათ ერთად 2 ნაწარმოები შეასრულეს. კონცერტის ბოლოს პუბლიკა აჟიტირებული აღფრთოვანებით დიდი აპლოდისმენტებითა და ბრავოს შეძახილებით უმადლოდა შესანიშნავ სოლისტებს. მოხარულები ვართ, რომ ასე წარმატებით დასრულდა ფესტივალის ბათუმური ნაწილი და ველით ბათუმელ პუბლიკასთან შეხვედრას მომავალ წელს,“ – განაცხადა „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ისაკაძემ.
„საოცარი პუბლიკა იყო – ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მუსიკალური. უბედნიერესი ვარ, რომ ასე კარგად ჩაიარა ყველაფერმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს ლიზი რამიშვილსა და სანდრო ნებიერიძეს, რომ ჩემთან ერთად ბისზე დაუკრეს. ეს იყო სიურპრიზი მსმენელისთვის. 2 უნიჭიერესი ქართველი მუსიკოსი დადგა ჩემთან ერთად სცენაზე. მადლობა ორკესტრს, საოცარი მუსიკოსები არიან, უნიჭიერესები. დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, ძალიან ძვირფასი ფესტივალია ჩემთვის, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძე ჩვენი ოჯახის მეგობარია, მსოფლიო მუსიკის ლეგენდაა, საქართველოს ლეგენდაა. უდიდესი პატივია ჩემთვის, რომ ვიცნობდი. მის მიერ დაარსებულ ფესტივალში რომ მივიღე მონაწილეობა და დავუკარი, ამისთვისაც მადლობელი ვარ. ძალიან სამწუხაროა მისი გარდაცვალება. ამ კონცერტზე ყოველი წამი და ყოველი ნოტი ლიანა ისაკაძის ხსოვნას მიეძღვნა. ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში. იმედი მაქვს, რომ „ღამის სერენადებს“ კიდევ ბევრჯერ ვესტუმრები და საქართველოში არაერთხელ დავუკრავ“, – განაცხადა ელვინ ხოჯა განიევმა.

წლევანდელი ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ბელა ბარტოკის რუმინული ცეკვები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები და ქართული მუსიკა: რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.

23 აგვისტოს კი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილმა იტალიელმა ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკმა ააჟღერა მსოფლიო კინომუსიკის შედევრები, Tango Nuevos-ს ფუძემდებლის ასტორ პიაცოლასა და სხვათა მუსიკა.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

ფესტივალის პარტნიორი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.