დღეს თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება

13
spot_img

რთველის საკოორდინაციო შტაბს თელავში დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გახსნის.

წელს კახეთში ყურძნის საუკეთესო მოსავალს ელიან, რომლის საპროგნოზო მოცულობა დაახლოებით 300 ათას ტონას შეადგენს. მევენახე ფერმერების მიერ მოწეული ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას განახორციელებს, რაც 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის შეუფერხებელი რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში, შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 1.00 ლარს გადაუხდის. კახეთის რეგიონში, მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1კგ. რქაწითელზე – 20 თეთრს შეადგენს.

რთველის პერიოდში საკოორდინაციო შტაბი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი ნომრით – 1501, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა უხელმძღვანელებს.