კითხვები მაქვს როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება -ირაკლი ღარიბაშვილი

11
spot_img

კითხვები მაქვს როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, ათასობით დევნილის მიღება საკუთარ მიწა-წყალზე და ამ ომის შემდეგ სწორედ იგივე ხელისუფლებამ, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, თუ თავიდან ვერ აირიდა, რამდენიმე თვეში გადასცა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტ ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განუცხადა.

„ყველზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება მოუტანოს ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანას და ხალხს, ეს არის სწორედ ომი – ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა, ტერიტორიების, რომელიც ჩვენ არ მოგვიპოვებია, ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. როდესაც ამ ტერიტორიებს შენი უგუნურებით, ღალატით, თუ გამყიდველობით აბარებ უცხო, ოკუპანტ ქვეყანას, ეს რა თქმა უნდა არის ღალატი. ამას სჭირდება შესაბამისი შეფასებაც. ქართველმა ხალხმა უკვე გასცა ამას პასუხი 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე. მე კითხვები მაქვს და ეს არაერთხელ მითქვამს საჯაროდ, თუ როგორ მოხდა კოდორის ხეობის, 100-ზე მეტი სოფლის ჩაბარება, ათასობით დევნილის მიღება საკუთარ მიწა-წყალზე, ჩვენს ქვეყანაში და ამ ომის შემდეგ გახსოვთ, რომ სწორედ იგივე ხელისუფლებამ, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, თუ თავიდან ვერ აირიდა, სულ რამდენიმე თვეში გადასცა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები იგივე ოკუპანტ ქვეყანას, ცალმხრივად გაუხსნეს ვიზები. ვნახეთ, რომ არაფერი შეიცვალა ამის შემდეგ, პოლიტიკას ვგულისხმობ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.