რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება-უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

28
spot_img

7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, რუსეთის ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია.

„საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა განაგრძო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა და მოიცავს ღრმად ფესვგადგმულ შოვინიზმს, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უარყოფას და იმპერიული ბატონობის აღდგენის სურვილს. რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მხოლოდ ეპიზოდია მოსკოვის ამ დიდხნიანი იმპერიული პოლიტიკისა, რომლის ადგილიც 21-ე საუკუნეში არ არის. დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკასთან გამკლავება, აიძულოს იგი დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, დაისაჯონ რუსი დამნაშავეები ყველა დანაშაულისთვის და სისასტიკისთვის“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.