ხელისუფლებას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად რომ დემოკრატიის საფუძვლები აინტერესებდეთ, დარწმუნებული ვარ, ისინი დემოკრატიის ფესტივალში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ – თინა ბოკუჩავა

13
spot_img

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად რომ დემოკრატიის საფუძვლები აინტერესებდეთ, რაც მოქალაქეებთან პირად და პირდაპირ ურთიერთობებზე დგას, დარწმუნებული ვარ, ისინი დემოკრატიის ფესტივალში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას.

მისი თქმით, დემოკრატიის ფესტივალზე მოსაწვევები სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებსაც გაეგზავნათ, თუმცა მათ ფესტივალში მონაწილეობის მიღებისგან თავი შეიკავეს.

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არაერთხელ მქონდა, გამომდინარე მაღალი სახელისუფლებო ინტერესიდან, რომელიც საფუძვლად უდევს სახელისუფლებო პროპაგანდას, დემოკრატიის ფესტივალის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ დემოკრატიულ ფესტივალზე.

იქ გამოვთქვი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელისუფლებო პარტიაც დემოკრატიის ფესტივალზე იქნებოდა დაპატიჟებული. ამის შემდეგ, მე გადავამოწმე კონკრეტულად იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არის დემოკრატიის ფესტივალის ორგანიზატორი და მათ დამიდასტურეს, რომ პირადი მოწვევა ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს გაეგზავნა იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიამაც მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიის ფესტივალში, რომელიც ემსახურება მოქალაქეებისთვის პოლიტიკური პარტიების პროგრამების გაცნობას იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დგანან.

შესაბამისად, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილის პარტიის წევრებს პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაცვლად რომ აინტერესებდეთ დემოკრატიის საფუძვლები, რაც დგას მოქალაქეებთან პირად და პირდაპირ ურთიერთობებზე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარს არ იტყოდნენ,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.