პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას ვატიკანიც აკრიტიკებს.
ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გვიან ღამით გავრცელდა, ნათქვამია, რომ ვატიკანი ცერემონიაზე წარმოდგენილი ზოგიერთი სცენით დამწუხრებულია და უერთდება ყველა იმ ადამიანის ხმას, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო იმედგაცრუებული დარჩა.
ვატიკანის განცხადებით, ასეთ პრესტიჟულ ღონისძიებებზე, რომლებზეც მსოფლიო საერთო ღირებულებების გარშემო ერთიანდება, ადამიანთა რელიგიურ შეხედულებებს არ უნდა დასცინოდნენ.
პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე განცხადება მსოფლიო საპატრიარქომაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო ცერემონია ისეთი სცენების მომსწრე გახდა, რომელიც შეურაცხმყოფელია ქრისტიანობისა და წმინდა სახარებისთვის.
ცერემონიას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ უერთდება “საერთო აღშფოთებასა და გულისტკივილს, გამოწვეულს მკრეხელური დადგმებით, რამაც საზეიმო გახსნა ზოგადადამიანური ღირსების შეურაცხყოფად და ლგბტ+ იდეოლოგიის პროპაგანდად აქცია.”