რუსული გაზის ექსპორტმა ევროპაში წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

5
spot_img

რუსული ენერგეტიკული გიგანტის „გაზპრომის“ მიერ ივლისში ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ივლისში რუსული გაზის ექსპორტის მაჩვენებელი ივნისთან შედარებით 12%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით – 5,7%-თ.

თვიური ზრდის ასეთი მაჩვენებელი „თურქული ნაკადის“ ტექნიკური რემონტის დასრულებას უკავშირდება. ანალიტიკოსების აზრით, ზრდა განპირობებულია იმით, რომ ახლა რიგმა ევროპულმა ქვეყნებმა ზამთრისთვის გაზსაცავების შევსება დაიწყეს.

გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორთა ევროპული ქსელისა და „გაზპრომის“ ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ივლისში უკრაინის ტერიტორიის გავლით გატარებული გაზის საშუალო მაჩვენებელმა 91,5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, მაშინ, როცა ივნისში ეს მაჩვენებელი 86,6 მილიონი კუბური მეტრი იყო, ხოლო 2023 წლის ივლისში – 81,8 მილიონი კუბური მეტრი.