ასეთ სიტუაციაში, როცა NATO-ში შესვლა არარეალურია, ჩვენმა ქვეყანამ, ტერიტორიული თუ გეოპოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, უნდა გადახედოს პოლიტიკას- ნანა კაკაბაძე

7
spot_img

ასეთ სიტუაციაში, როდესაც NATO-ში შესვლა არარეალურია, ხოლო მისკენ სწრაფვის დეკლარირება, არა უსაფრთხოების, არამედ მხოლოდ დიდი საფრთხის მომტანი, ჩვენმა ქვეყანამ, ტერიტორიული თუ გეოპოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, უნდა გადახედოს 30 ზე მეტი წლის მოძველებულ პოლიტიკას და გადარჩენისა თუ განვითარების ალტერნატიული გზა ეძებოს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს გზა ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე გადის.

„რისთვის გვჭირდება ნეიტრალიტეტი

მე-20 საუკუნის ბოლოს კიდევ ერთხელ მოგვეცა ისტორიული შანსი, გამოგვეყენებინა საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად მიღებული დამოუკიდებლობა. ამის ნაცვლად, იმ დროს, პოლიტიკოსებმაც და ჩვენც (ხალხმა) მთელი ყურადღება და იმედის მზერა დასავლეთს მივაპყარით.
ეს ბუნებრივიც იყო, რადგან საბჭოთა დიქტატურის ნანგრევებიდან გამოსულებს, არა მხოლოდ იდეოლოგიური თავსებადობა გაგვაჩნდა დასავლურ სამყაროსთან, არამედ ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გარანტად დასავლური, პოლიტიკურ- ეკონომიკური და სამხედრო გაერთიანებები გვეგულებოდა. ამიტომ NATO-სკენ ჩვენი სწრაფვა ლოგიკური იყო. 30 წელზე მეტია NATO-ც იმედებით გვკვებავს, თუმცა, აცნობიერებს რა საკუთარი წესდების მოთხოვნას, რომ NATO-ს წევრზე თავდასხმის შემთხვევაში თავად უნდა გამოუცხადოს ომი თავდამსხმელს, თავს იკავებს ახალი წევრების მიღებისგან. ანუ NATO-ში შესვლის საკითხი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ წყდება დადებითად.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან დღემდე, ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით რუსეთთან, ნატოსთვის საქართველოს თავის რიგებში მიღება ნიშნავს ომს რუსეთთან, რაც მისი წევრი ქვეყნებისთვის მიუღებელია. დღეს ეს პრობლემა, განსაკუთრებით მკაფიოდ დაგვანახა უკრაინაში რუსეთის აგრესიამ. მე-3 წელია, უკრაინელები თავგანწირვით იბრძვიან, ნადგურდებიან და ამ ფონზე ევედრებიან NATO-ს მიღებას, მაგრამ მისი წევრი ქვეყნები ცივსისხლიანად პასუხობენ, იარაღს და ფულს მოგცემთ, მაგრამ თქვენი გულისთვის რუსეთთან ომში ვერ შევალთო.

ასეთ სიტუაციაში, როდესაც NATO-ში შესვლა არარეალურია, ხოლო მისკენ სწრაფვის დეკლარირება, არა უსაფრთხოების, არამედ მხოლოდ დიდი საფრთხის მომტანი, ჩვენმა ქვეყანამ, ტერიტორიული თუ გეოპოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად, უნდა გადახედოს 30 ზე მეტი წლის მოძველებულ პოლიტიკას და გადარჩენისა თუ განვითარების ალტერნატიული გზა ეძებოს. ჩვენ ასეთ გზად ნეიტრალიტეტის გამოცხადება მიგვაჩნია, რაც სრულად იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენს მიერ არჩეული პოლიტიკოსები გაატარებენ. ამბობენ, სხვა ქვეყნებმა თუ არ აღიარეს, შენი ნეიტრალიტეტი, ის მხოლოდ ცარიელ სიტყვად დარჩებაო. დიახ ასეა! ჩვენი მოძრაობის (ერთიანი ნეიტრალური საქართველო) მიზანიც სწორედ ეს არის. მოძიება, შემოკრება და ხელისუფლებაში მოყვანა, იმ გაგების პოლიტიკოსების, რომლებიც, პრინციპულად და ჭკვიანურად ეცდებიან მთავარი მიზნის, ერთიანი საქართველოს ნეიტრალიტეტის მიღწევას, რასაც შედეგად რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნების მიერ ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტის აღიარება მოჰყვება.

ამიტომაც გაგვიჩნდა იდეა, სამომავლოდ ჩვენი მოძრაობა პარტიად გარდაიქმნეს. მას შემდეგ, როდესაც ეს პოზიცია მისაღები გახდება ისეთი განათლებული, მჭევრმეტყველი და უნარიანი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც შეძლებენ დღევანდელი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, ასევე დანარჩენი ცივილიზებული მსოფლიოს, მომავალი პარტნიორების დარწმუნებას, რომ ნეიტრალური საქართველო მათი ინტერესებისთვისაც უფრო საჭირო და საინტერესო იქნება. სწორედ ასეთი დაბალანსებული, სწორი პოლიტიკით და ჩვენი გეოსტრატეგიული მდგომარეობის გამოყენებით შევძლებთ, ქართული პოლიტიკის ანუ საქართველოს ინტერესების გატარებას, სუპერ სახელმწიფოების ინტერესთა ჭიდილში. რაც მთავარია, ჩვენი წინაპრების, ჩვენი თანამედროვეების სისხლით და ომით მოპოვებული სუვერენიტეტის ცხოვრებაში გატარებას.

არაფრის მომცემი პოპულიზმი ამ არჩევნების დასრულებასთან ერთად უნდა დასრულდეს! ჩვენ გვჭირდება, საქართველოს ინტერესებზე მორგებული, ღირსებაზე დაფუძნებული ჯანსაღი და პროგრესული პოლიტიკა! ქართველმა პოლიტიკოსებმა, საკუთარ თავში უნდა იპოვონ ძალა და ხმამაღლა უთხრან საქართველოს მოქალაქეებს იმ პოლიტიკური კურსის უტოპიურობა, რომელიც 80-იანი წლების მიტინგებზე გამოითქმოდა, უკეთესი მომავლის მოსურნე, მაგრამ გამოუცდელი ადამიანებისაგან. უნდა გამოვიდეთ იმ ახალი რეალობიდან და ახალი მსოფლიო წესრიგის ტენდენციებიდან, რომელიც უკრაინის ომის დასასრულს დგება მსოფლიოში. სწორედ ახალი მსოფლიო წესრიგის კონტექსტში უნდა განვიხილოთ ჩვენი ინიციატივაც!

ოქტომბერში საბოლოო უარი უნდა ეთქვას უცხო ქვეყნების მსახურებას და საფუძველი ჩაეყაროს ჩვენი ინტერესების საერთაშორისოდ გაჟღერებას, ხოლო ნაც-ფაშისტების რაღაც რაოდენობის პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ისინი თავისი მხარდამჭერებიანად, პროგრესული მსოფლიოს თვალში უნდა დარჩნენ მხოლოდ მარგინალურ ჯგუფებად.მხოლოდ ამ გზით წარმოგვიდგენია საქართველოს წინსვლა და ქართული პოლიტიკის გამარჯვება განახლებულ მსოფლიოში!“, – წერს კაკაბაძე.