საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას -მიხეილ ყავლაშვილი

18
spot_img

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საფრთხეზე საუბრობს და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წერილის კომენტირებისას განაცხადა, უცხოური ძალების მხრიდან ამ მიმართულებით ძალისხმევა შენელებული არ არის.

მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების თემა, კერძოდ, მისი წინასწარ გაყალბებულად გამოცხადება, იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა, ქვეყანაში მოხდეს მოქმედი ხელისუფლების შეცვლა.

„ომი უკრაინაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, არის ინტერესი, საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ეს ხელისუფლება იცავს მშვიდობას. საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველო არ ასრულებს მითითებას, „შეეხიდოს“ უკრაინას და აქ მეორე ფრონტი გახსნას. საქართველოს მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ ეს ძალისხმევა არ შენელებულა და გამოიჩინონ სიფრთხილე. ეს ყველაფერი ეხება არჩევნების თემას, რადგან გადაწყვიტეს, რომ, წინასწარ გაყალბებებზე საუბრით, ძალადობრივი გზებით შეცვალონ არჩევნების შედეგები, რათა როგორმე მოხდეს მოქმედი ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.