არსებობს კულისებში საკითხები, რომლებზეც ვერ და არ ვლაპარაკობთ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფრის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ქვეყნის გადასარჩენად -მდინარაძე

40
x
spot_img

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესის უკან დგანან კონკრეტული ძალები, რომლებსაც „გლობალურ ომის პარტიად“ მოიხსენიებენ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არასდროს უთქვამთ, რომ „გლობალურ ომის პარტიაში“ აშშ-ს და ევროკავშირს გულისხმობენ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დარწმუნებული არიან თავიანთ ვერსიაში, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი და კულისებში არსებობს საკითხები, რომლებზეც დღეს ხმამაღლა არ საუბრობენ.

„გამახსენეთ ერთი შემთხვევა, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ ამერიკას ომი უნდა. როგორც ბრძანებთ, ადამიანი გვამხელს სიცრუეში და გვეუბნება, ტყუილია, რომ ამერიკას ომი უნდა. ჩვენ არცერთხელ არ გვითქვამს, რომ „გლობალურ ომის პარტიაში“ ვგულისხმობთ, როგორც ასეთი, აშშ-ს და, როგორც ასეთი, ევროკავშირს. გვაძალებენ, რომ თქვენ მაინცდამაინც ამას გულისხმობთო და არ ვგულისხმობთ. ადამიანებმა ტყუილში ტყუილით მხილება გადაწყვიტეს. პირიქით, მე ვამხელ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამას იტყვის. ტყუილია, რომ ამერიკას ომი უნდა. არ გვითქვამს ასეთი და იქით უნდა ვამხილოთ ტყუილში ნებისმიერი, ვინც არ უნდა იყოს. უნდა გავბედოთ ეს და ამას ვბედავთ, ამისთვის ცდილობენ ჩვენს დასჯას ვიღაც-ვიღაცები. რაც შეეხება „გლობალური ომის პარტიას“, ესენი არიან ძალები, რომლებიც დგანან მეორე ფრონტის ინტერესის უკან. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ, როგორც ასეთი, ეს არის აშშ, როგორც ასეთი, ეს არის ევროკავშირი, ჩვენ ასეთი არ გვითქვამს. ყოველთვის ხაზს ვუსვამთ კონკრეტულ ძალებს და ვაკავშირებით ამ კონკრეტულ ძალებთან, მათ შორის, მაგალითად, ბატონი ტრამპის მოკვლის ინტერესს, ვაკავშირებთ ბატონი ფიცოს მკვლელობის მცდელობის და მკვლელობის ინტერესს, ვაკავშირებთ ირაკლი კობახიძეზე ირიბი მუქარის ინტერესს და მინიშნების ინტერესს, ვაკავშირებთ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის და მის მიმართ ტერორისტული აქტის მოწყობის ინტერესს. და როდესაც უსამართლო კრიტიკას ვიღებთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის, სხვადასხვა კონკრეტული პოლიტიკოსისგან, ისმება კითხვა, თუ ეს ვერსია, რასაც ჩვენ ვავითარებთ, არასწორია, მაშინ რა არის სწორი ვერსია? და ამაში დარწმუნებული კი არ ვართ, ვიცით, არსებობს კულისებში საკითხები, რომლებზეც ვერ და არ ვლაპარაკობთ, რათა არ გადავლახოთ წითელი ხაზები. ღმერთმა არ ქნას, საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ხაზგასმით ვამბობ, ღმერთმა არ ქნას, რომ მოგვიწიოს ყველაფრის თქმა, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, მათ შორის, რაღაც მტკიცებულებებზე საუბარი და ა.შ. ამას შემთხვევით არ ვლაპარაკობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.