ოპოზიცია ცდილობს, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, სხვა მიზანი ფიზიკურად არ აქვთ -მამუკა მდინარაძე

24
spot_img

ჩვენი ამომრჩეველი ახლა არის დაახლოებით 60 პროცენტი და დავმალოთ? გვიჩნდება შანსი, ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ აღნიშნული კომენტარით უპასუხა კითხვას, რის საფუძველზე ელოდება „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ხმების 60 პროცენტს და როგორ უპასუხებდა ოპოზიციის მოსაზრებას, რომ მმართველ გუნდს აღნიშნული ციფრი მხარდამჭერების გასამხნევებლად სჭირდება?

„დავუშვათ, 54 პროცენტი ვერ გაამხნევებდა მხარდამჭერს? რა სისულელე არგუმენტია, საიდან მოიტანეს? აქამდე ერთხელ გაგიგიათ ჩვენგან 60 პროცენტი? საიდან მოგვეჩვენა 60 პროცენტი? ყოველი მეორე ამომრჩეველი როდესაც იყო ჩვენი ამომრჩეველი და ამ ფარგლებში ვიღებდით 47, 48 და 49 პროცენტებს, ამას ვამბობდით, ხომ? ახლა არის დაახლოებით 60 პროცენტი, დავმალოთ? ამას დამშვიდება კი არ სჭირდება, არამედ ჩვენი ამომრჩევლის, მხარდამჭერის მხრიდან გამყარება, რადგან გვიჩნდება შანსი, ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. მათ შორის, ბევრი საკითხია, თუნდაც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და სხვები.

ოპოზიცია ცდილობს, საკონსტიტუციო უმრავლესობას არ გაგვაკაროს. მათ ილუზიაშიც, ყველაზე კარგ ოცნებაშიც კი არ აქვთ წარმოდგენილი, რომ უმრავლესობას მოიპოვებენ, გამორიცხული ამბავია. ცდილობენ, ბარიერი გადალახონ, რათა შიგნიდანაც საბოტაჟი მოაწყონ. აუცილებლად დაიწყებენ ქვეყნის საბოტაჟს 26 ოქტომბრის ღამიდან, ეს ხომ წინასწარ ვიცით, მაგრამ ამის გარდა, ცდილობენ, საკონსტიტუციო და მყარი უმრავლესობა არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“. სხვა მიზანი მათ ფიზიკურად არ აქვთ, ეს არის მათი გარედან მიღებული დავალება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.