არ გვიკვირს, რადგან არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან – ლევან დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობაზე

25
spot_img

არ გვიკვირს, იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან, – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, ტერორისტული აქტების მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების, ასევე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ საარჩევნო პროცესებში ოპონენტები ყველა გზას მიმართავენ, რაც მისივე თქმით, მიუღებელია.

“ცალსახაა, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა უმაღლესი ხარისხისაა. ეს დადასტურდა ბოლო წლებში კანონის უზენაესობის მაქსიმალური პატივისცემის პირობებში, საერთაშორისო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებით. რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს, ბუნებრივია, ეს არის საფუძვლიანი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. სამწუხაროა, რომ საარჩევნო, პოლიტიკურ პროცესებში ოპონენტები ყველა გზას მიმართავენ, რაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ეს არ არის უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ღონისძიებები, არამედ საქმე გვაქვს ყველაზე მძიმე დანაშაულთან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ქვეყნის ან პირის მიმართ, ეს არის ტერორიზმის სავარაუდო შემთხვევები. ამ შემთხვევაში საუბარი ნაადრევია, მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ პროცესი შევაფასო, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, თუმცა პოლიტიკური შეფასება ცალსახად არის ძალიან პირდაპირი, ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ქმედება. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენ არ გვიკვირს იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ხდება ასეთი მიუღებელი შემთხვევები და პოლიტიკური პროცესების ძალიან დაბალი სტანდარტი. ვფიქრობ, ეს სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სწორი არჩევანი”, – განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზნად, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას ისახავს.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება და მათი მოწმის სახით გამოკითხვა მიმდინარეობს.