ცესკოს თავმჯდომარე და მოადგილე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

19
spot_img

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანია არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.

გიორგი კალანდარიშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ასევე გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტის შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა კომპანია „სმარტმატიკთან“ თანამშრომლობის შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით მოემსახურება. აღნიშნულ კომპანიას 36 ქვეყანაში არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება აქვს.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიას დეტალურად გააცნო საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებიც. მისი თქმით, 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია „Pro V&V“-მ განახორციელა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაში იყო.

შეხვედრაზე ისაუბრეს დეზინფორმაციაზე როგორც გლობალურ გამოწვევაზე და მასთან გამკლავების გზებზე. ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს ამ კუთხით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომა და პრაქტიკა გააცნო, რითაც უწყება საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შეხვედრის მიმდინარეობისას გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა აქტუალურ საარჩევნო საკითხები განიხილეს და მოსაზრებები გაცვალეს. შეხვედრის დასასრულს, ცესკოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის არჩევნებში. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციას, როგორც ღია და გამჭვირვალე უწყებას, ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება მჭიდრო თანამშრომლობა სადამკვირვებლო მისიებთან, რაც არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე დაიწყო. IRI-ის 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.