ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოა ნებისმიერი ინვესტიციისთვის -ილია დარჩიაშვილი

23
spot_img

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს არის ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა საინვესტიციო გარემოს, საინვესტიციო კლიმატს, რომელზეც ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობა.

„სწორედ უსაფრთხო გარემო და უსაფრთხო ქვეყანა არის უცხოური ინვესტიციების მთავარი კომპონენტი, მთავარი მიმზიდველობა. შესაბამისად, ეს არის მორიგი დადასტურება იმისა, რაზეც საქართველოს მთავრობა და მთავრობის მეთაური საუბრობენ – რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ინვესტიციისთვის. ძალიან საინტერესო გზავნილები იყო ამ დოკუმენტში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.

„ეს არის ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ხალხისა და მოსახლეობის კეთილდღეობასთან“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.