
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა. ხმების 99.6%-ის დათვლის შემდეგ, სიმიონმა 40.6% მიიღო. მეორე ადგილზეა ბუქარესტის მერი ნიკუშორ დანი ხმების 21%-ით.
რადგან ვერ ცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი ვერ მიიღო, პირველ და მეორე ადგილზე გასული კანდიდატები ერთმანეთს არჩევნების მეორე ტურში 18 მაისს დაუპირისპირდებიან.
„ეს მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება კი არა, რუმინული ღირსების გამარჯვებაა. ეს იმ ადამიანების გამარჯვებაა, ვისაც არ დაუკარგავს იმედი და ვისაც კვლავ სჯერა თავისუფალი, დაფასებული და სუვერენული რუმინეთის“, – განაცხადა სიმიონმა.
პოლიტიკური მკვლევარების აზრით, სიმიონის გამარჯვებამ შესაძლოა, რუმინეთი საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს და შეამციროს ინვესტიციები. ჯორჯე სიმიონი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, კრიტიკულად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ და აცხადებს, რომ იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ მოძრაობის იდეებს.
შეგახსენებთ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშიც ჩატარდა. მაშინ არჩევნებში დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.