დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდით სოციალურ და სხვა თემებზე, რადგან არ არსებობს სფერო, სადაც სამჯერ და ოთხჯერ მეტი არ გვაქვს გაკეთებული. გვაქვს იმდენად დიდი პროგრესი, რომ წინა ხელისუფლების ნამოქმედართან შედარება შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ამაზე საუბარი ოპონენტების მხრიდან არ იქნება და მათი საარჩევნო კამპანია თავიდან ბოლომდე ცრუ ნარატივს დაეფუძნება.
„მაგრამ ამაზე საუბარი არ იქნება წელს, როგორც ჩანს, პირველ რიგში მათი მხრიდან. მათ არცერთი თემის შინაარსში შესვლა არ აწყობთ, რადგან გაკეთებული [საქმეები] შთამბეჭდავია, ამაზე ლაპარაკი არ აწყობთ. წინასწარ შეგვიძლია დავაანონსოთ მათი საარჩევნო კამპანია, რომელიც იქნება აბსოლუტურად ცრუ ნარატივი, როგორიც იყო საუკუნის აფერა „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით და ვითომ ჩვენი მხრიდან იქნება რუსული მოქმედება. სიტყვა რუსულს ახსენებენ იმდენჯერ, რომ ვერ დავთვლით. მეტი სალაპარაკო მათ არ ექნებათ. 30-დან სიღარიბე 12%-მდე ჩამოვიდა, მაგრამ 12% ამ ქვეყანაში 400 000 ადამიანზე მეტია და ეს 400 000 ადამიანი შეიძლება გაღიზიანდეს, რაზეც ისინი მუშაობენ. ამ კუთხით წელს ჩვეულებრივი არჩევნები არ იქნება, ვინ უკეთესად განავითარებს ეკონომიკას, ვინ უკეთეს ავტობანს დააგებს და ა.შ. ამაზე ისინი აქცენტს არ გააკეთებენ, მაგრამ მეორე მხარეს მართლაც გაცილებით დიდი მასშტაბის გამოწვევა გვაქვს, ვიდრე ინფრასტრუქტურული გამოწვევებია. ჩვენ რეალურად საფრთხის ქვეშ დავდექით, რომ ფიზიკური გადარჩენა პირველი პრიორიტეტი გახდა.
ამ ქვეყანაში ორი კატეგორიის ადამიანია – ვიღაცებს სჯერათ, რომ ჩვენგან ომი სჭირდებათ, ვიღაცებს სჯერათ, რომ ეს ჩვენი მოგონილი ამბავია. თუ ვინმე კიდევ დარჩა, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ვინმემ საარჩევნო კამპანიისთვის მოიგონა, იმასთან შეკითხვა მაქვს: რატომ არ უნდა აწყობდეს ვინმეს, გარდა საქართველოსი, რომ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გაიხსნას? მე მაგალითად სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ ვიყო, ჩემთვის რა იქნება ამოსავალი წერტილი – უკრაინაში იხოცებიან ადამიანები, რატომ არ უნდა იომოს საქართველომ? ჩვენ რაღაც ვთქვით და ბევრი არ გვითქვამს, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ისეთი რაღაცებიც, სიმართლე, რაც იქნება ძალიან დიდი სკანდალი. ღმერთმა არ ქნას ამისი ლაპარაკი მოგვიწიოს თავისი მტკიცებულებებით. ჩვენ რომ რაღაცებს ვუფრთხილდებით, უკეთესია, რომ მეორე მხარეც უფრთხილდებოდეს. რეალურად, რაც ხელის გულზე გვაქვს, საჯარო წყაროებში რაც არის, არის ის, რასაც გვთხოვდნენ უკრაინელი მაღალჩინოსნები, აგერ საქართველოში ბომბების წვიმას ნატრულობდნენ, კაპიტანი გიგაური კი ამბობდა, რომ ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით. საქართველოს მიერ წარმოებული მეორე ფრონტი მნიშვნელოვნად დააზიანებს რუსეთს, დიდი რესურსის გადმოწევა მოუწევს საქართველოში და რუსეთის წინააღმდეგ ეს შეიძლება გამართლებული ინტერესი იყოს, მაგრამ შენთვის, რომ უკრაინაზე გაცილებით მძიმედ გადაიტან ამას, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და მოღალატეობრივი ნარატივი“, – განაცხადა მდინარაძემ.