ორბანს არ მიუღია ევროპული საბჭოს მანდატი, რომ იმოქმედოს ევროკავშირის სახელით -შარლ მიშელი

24
J
spot_img

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანმა უკრაინის სამშვიდობო მისია წამოიწყო, რომელიც მოიცავდა მოლაპარაკებებს დონალდ ტრამპთან და რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„როტაციული პრინციპით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა არ ასრულებს როლს საერთაშორისო ასპარეზზე ევროკავშირის წარმომადგენლობაში და არ მიუღია ევროპული საბჭოს მანდატი, რომ იმოქმედოს ევროკავშირის სახელით“, – განუცხადა მიშელმა ორბანს წერილში, რომელსაც სააგენტო Reuters-ი გაეცნო.

მიშელმა ასევე უარყო ორბანის მტკიცება, რომ ევროკავშირი უკრაინაში ომის მომხრე პოლიტიკას აწარმოებს.

„რუსეთი არის აგრესორი და უკრაინა არის მსხვერპლი, რომელიც იყენებს თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ორბანმა ევროკავშირს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდა.

Bild-ის ცნობით, შარლ მიშელისთვის მიწერილ წერილში უნგრელმა პოლიტიკოსმა შეაფასა ბოლოდროინდელი მოლაპარაკებები უკრაინის, რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის ლიდერებთან და ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე.

„ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ სამხედრო კონფლიქტის ინტენსივობა უახლოეს მომავალში რადიკალურად გაიზრდება“, – ნათქვამია ვიქტორ ორბანის წერილში.