26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს არა უბრალოდ მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ანუ ჭეშმარიტი „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ ეს უნდა იყოს ომის, ნგრევის და უსამშობლობის საბოლოო დამარცხების დღე – გვჯერა გამარჯვების! , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად გვქონდა 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ქვეყანამ და ხალხმა დაისვენა ომებისგან, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და იმედებს კლავდა.
„მივესალმები პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, მივესალმები პარტია „ქართული ოცნების“პოლიტიკური საბჭოს წევრებს , მივესალმები პარტია „ქართული ოცნების“ წევრებს და მხარდამჭერებს, მივესალმები ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წარმომადგენლებს, მივესალმები ქვეყნის შიგნით და გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.
დღეს, „ქართული ოცნება“, ჩვენი ახალი ცენტრალური ოფისიდან, ვერთვებით აქტიურ საარჩევნო მარათონში. „ქართული ოცნების“ ყოველი გამარჯვება ქართველი ხალხის გვერდში დგომით, მათი უდიდესი ნდობით იქნა მიღწეული, და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს, ხალხთან ერთად, კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ.
საქართველოს ქარტეხილებით სავსე ისტორია არის ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირსებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ქვეყნის არსებობის მრავალათასწლოვან გზაზე ბევრჯერ დამდგარა ქართული სახელმწიფოებრიობის, უფრო მეტიც, ქართველი ერის არსებობა-არარსებობის საკითხი. ფაქტი ერთია, უდიდეს იმპერიათა კვალიც კი აღარსადაა, საქართველო კი დღესაც ამაყად დგას და სხვა ღირსეულ ერთა შორის, თავაწეული და ახალ-ახალი გამარჯვებებით ფრთაშესხმულია.
არავინ ქართველი კაცის დარად არ იცის ბრძოლის ფასი, ისევე როგორც არავინ იცის ჩვენნაირად მშვიდობის ფასი.
სწორედ მშვიდობიანობის დროს იწყებს ქართული გენი არნახულ გამობრწყინებას. სწორედ ასეთ დროს იქმნება ქართული სულიერებისა და კულტურის საგანძური, ასეთ დროს იწერება ვეფხისტყაოსანი, ჩნდებიან ოპიზრები და იქმნება ყინწვისის ანგელოზი.სწორედ ამიტომაც ისმის დღეს ქართული საგალობელი ვატიკანში და ქართული ჰიმნი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
თავისით არაფერი მოდის. დღეს ჩვენ ვიმკით იმ კეთილი მარცვლის ნაყოფს, რომელიც 12 წლის წინ ჩვენ ერთად დავთესეთ. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად გვქონდა 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ქვეყანამ და ხალხმა დაისვენა ომებისგან, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და იმედებს კლავდა. და როგორც ჩვენს ისტორიაში ხდებოდა, მშვიდობასთან ერთად დადგა დრო ქართული გენის გამოვლენის და ქვეყნის აღმშენებლობის.
სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს არცერთი ევროპული ქვეყანა ეკონომიკურად და ინსტიტუციურად არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც საქართველო; სწორედ თორმეტწლიანი უწყვეტი მშვიდობის შედეგია ახალი თაობა, რომელსაც არ უნახავს ომი და არ განუცდია ნგრევის ტკივილი. პირიქით, მშვიდობითა და უნიკალური შესაძლებლობებით ფრთაშესხმულებმა მსოფლიო მასშტაბით ამაყად გაიტანეს საქართველოს სახელი.
სწორედ 12 წლის წინ დათესილმა მარცვალმა და გრძელვადიანმა ხედვამ გახადა შესაძლებელი, რომ ევროპაში ბევრი სკეპტიკოსის მიუხედავად მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმებას, ევროპიდან ბევრის წინააღმდეგობის მიუხედავად მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა, ბევრი ევროპელი ოპონენტის მცდელობის მიუხედავად გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
ამიტომ, 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს არა უბრალოდ მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ანუ ჭეშმარიტი „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ ეს უნდა იყოს ომის, ნგრევის და უსამშობლობის საბოლოო დამარცხების დღე.
გვჯერა გამარჯვების! თქვენით, თქვენთვის და თქვენთან ერთად!
მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ!“,- განაცხადა პაპუაშვილმა.