საკონსტიტუციო სასამართლო 17-18 ივლისს მოსამართლეების კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს.
რომელიც მოსამართლის უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესებს ეხება.
ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მოსარჩელეები მოსამართლის უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესებს სადავოს ხდიან.
„2024 წლის 17 და 18 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1693 და №1700 კონსტიტუციური სარჩელები).
კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები არ განსაზღვრავს მივლინებას დაქვემდებარებული მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმებსა და პირობებს, არ ითვალისწინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლის სათანადო ჩართულობას. ამავდროულად, არაგანჭვრეტადია მივლინებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების საფუძვლებიც. მოსარჩელეთა პოზიციით, მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მექანიზმი, სათანადო გარანტიების არარსებობის პირობებში,აჩენს აღნიშნული უფლებამოსილების არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკებს, რითაც ირღვევა მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპები.
კონსტიტუციური სარჩელების ავტორების არგუმენტაციით, მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების მექანიზმი წარმოადგენს ინტენსიურ ჩარევას სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებაში, ვინაიდან საქმეთა განხილვისგან ჩამოცილებასთან ერთად, მოსამართლეს უჩერდება უფლებამოსილება, წყდება მისთვის ხელფასის და მატერიალური შეღავათების გაცემა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დასახელებული მექანიზმის გამოყენება დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში, დისციპლინური კანონმდებლობის უხეში დარღვევისა და მისი დადასტურების შემდგომ. გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილებისას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის და გადაწყვეტილების სათანადოდ გასაჩივრების შესაძლებლობას, რითაც არათანაზომიერად ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
განსახილველ საქმეზე, სადავოა ასევე ნორმა, რომელიც მოსამართლის დისციპლინური გადაცდომის საფუძვლად მიიჩნევს მის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმას. მოსარჩელეების პოზიციით, დისციპლინური გადაცდომის ისეთი სახე, როგორიცაა მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით, ბუნდოვანია, როგორც შინაარსის, აგრეთვე, რეგულირების ფარგლების თვალსაზრისით და, შესაბამისად, ვერ უპასუხებს კანონის ხარისხის მოთხოვნებს. მოსარჩელე მხარის მითითებით, „პოლიტიკური ნეიტრალიტეტის“ ფართო მნიშვნელობიდან გამომდინარე, სადავო ნორმით დადგენილმა აკრძალვამ და ამ აკრძალვის დარღვევის საპასუხოდ გათვალისწინებულმა პასუხისმგებლობის ფორმამ, შესაძლოა, აიძულოს მოსამართლე უარი თქვას საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმაზე. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი არათანაზომიერად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას“,- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
„დავის საგანია №1693 კონსტიტუციურ სარჩელზე: ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-2 პუნქტისა (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით; ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
№1700 კონსტიტუციურ სარჩელზე:ა) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „სხვა ობიექტური გარემოება“ (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მე-2 პუნქტის(2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 45-ე მუხლის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის პირველი წინადადებისა და მე-7 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;ბ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 45-ე მუხლის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია)მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებისა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; გ) „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტის (2023 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში