დღეს ვლაქერნობაა – ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული

72
spot_img

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია  15 ივლისს,  ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს ზეიმობს.

უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი,  ზუგდიდშია დაბრძანებული.

ზუგდიდში, დადიანების კარის ეკლესიაში ინახება დედა ღვთისას პატიოსანი სამოსელი – მსოფლიო ქრისტიანობის ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე. ამავე ტაძარშია დაბრძანებული ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, ასევე სხვა სიწმიდეები, რომლებიც ღვთის ნებით საქართველოში მოხვდა.

 ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან გადააბრძანებენ ხოლმე ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში, სადაც აღესრულება სადღესასწაულო ღვთისმსახურება და მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს.

როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი საქართველოში?

ისტორიული წყაროების მიხედვით, წლების განმავლობაში ღვთისმშობლის კვართი, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ინახებოდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს; მეორეს მიხედვით კი – მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.

კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.

ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლთაღვრით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა. შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.

ღვთისმშობლის კვართი შუამავლად გვევლინება ცასა და დედამიწას, ღმერთსა და ადამიანებს შორის და ღვთაებრივი მოწყალებით უფლის წინაშე სათნოდ წარმოგვაჩენს. ზღვა სიხარულის, ბედნიერების ვერდამტევი ზეიმი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დადების დღესასწაული, ვლაქერნობა, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა უფლის წინაშე, რადგან ბევრის მიმღებთ ბევრიც მოგვეთხოვება.

ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა 1990 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს აღინიშნება.

ტროპარიღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელო და სარტყელო უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედა ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.