გამაოგნებელი, აღმაშფოთებელი და საგანგაშო – დემოკრატიის ფლაგმან სახელმწიფოში პრეზიდენტობის კანდიდატზე თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს და დონალდ ტრამპზე თავდასხმას ეხმაურება.
„პოლიტიკური ძალადობა და მკვლელობის მცდელობა, ძირგამომთხრელი ქმედებები და სიცრუის პროპაგანდა, ომი და განადგურება – გლობალური ომის პარტიის და ლიბერალური ფაშიზმის ხელწერაა. პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და საარჩევნო ბრძოლაში სწრაფად დაბრუნებას ვუსურვებთ, ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს კი მშვიდობას, დემოკრატიის და სამართლიანობის გამარჯვებას! პ. ს. საქართველოში კი აგენტურული პარტიების პოზიციაა, გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ქართულმა ოცნებამ მოიგონაო…“ – წერს მდინარაძე.
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) დონალდ ტრამპის მიტინგზე მსროლელის ვინაობა დაასახელა.
„გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოავლინა თომას მეთიუ კრუკსი [20 წლის], როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში. მომხდარი რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად“, – განაცხადეს უწყებაში.