“მიაღწიეთ მშვიდობას უკრაინაში, სანამ ძალიან დაგვიანებული არ არის”-Financial Times

24
spot_img

ბრიტანულმა გაზეთმა „ფაინენშელ თაიმსმა“ (Financial Times) გამოაქვეყნა დასავლელი ყოფილი დიპლომატებისა და ანალიტიკოსების ღია წერილი სათაურით „მიაღწიეთ მშვიდობას უკრაინაში, სანამ ძალიან დაგვიანებული არ არის“, რომელიც მიმართულია ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისადმი და თეთრ სახლს სამშვიდობო მოლაპარაკების ინიცირებისაკენ მოუწოდებს.

წერილს ხელს აწერენ ენტონი ბრენტონი (დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი რუსეთში), ჯეკ მეტლოკი (აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში), ლორდი სკიდელსკი (უორიკის უნივერსიტეტის პროფესორი) და სხვები.

გთავაზობთ წერილის მცირედ შემოკლებულ ტექსტს:

ბოლო დროს რუსეთის არმიის წარმატებები დონბასში ადასტურებენ იმ თვალსაზრისის ჭეშმარიტებას, რომ ომი მოლაპარაკების გზით უნდა დასრულდეს. აშშ და მისი მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინის პოზიციას, რომ ომის შეწყვეტა მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა სიტუაცია 2014 წლამდე არსებულ საზღვრის დაუბრუნდება, ანუ როცა რუსები გაძევებულები იქნებიან დონბასიდან და ყირიმიდან. მაგრამ საქმის კურსში მყოფი ანალიტიკოსები ერთხმად ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში, დიდი ალბათობით, რუსეთს მეტი შანსები აქვს წარმატებას მიაღწიოს.

ასეთი დასკვნა მიანიშნებს იმას, რომ მიზანშეწონილია და აუცილებელიც მშვიდობის მიღწევა მოლაპარაკების გზით. ამ დროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია უკრაინის როგორც სახელმწიფოს გადარჩენა: თავიდან უნდა იქნეს აცილებული უკრაინელი ხალხის განადგურება და ეკონომიკის სრული დანგრევა. დასავლეთის ოფიციალური პოზიცია მოლაპარაკების გზის უარსაყოფად ეფუძნება რწმენას, რომ თუ უკრაინა რუსეთზე სრულად არ გაიმარჯვებს, მაშინ ვლადიმერ პუტინს „ყველაფერი გამოუვა და მომავალშიც იმავეს გააგრძელებს“.

მაგრამ ასეთი პოზიცია იგნორირებს ორწლიანი სამხედრო მოქმედების ყველაზე მნიშვნელოვან შედეგს, რომელიც დღეისათვის არის მიღწეული: უკრაინამ შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა – ისევე როგორც ფინეთმა 1939-1940 წლებში. მცირე ტერიტორიული დათმობები უმნიშვნელო ფასი იქნება რეალური და არა ფიქტიური სუვერენიტეტისათვის.

თუ უკრაინაში ისეთი მშვიდობა გარდაუვალია, რომელიც დაეფუძნება მხარეთა დაშორიშორების დღევანდელ ხაზს, მაშინ მასზე უარის თქმა და შანსის გამოუყენებლობა უზნეობა იქნებოდა.

ვაშინგტონმა მოსკოვთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს უსაფრთხოების ახალი პაქტის შესამუშავებლად, რომელშიც დაცული იქნება როგორც უკრაინის, ისე რუსეთის კანონიერი ინტერესები. როგორც კი ამგვარი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოცხადდება, საჭირო გახდება დაუყოვნებლივი მოქმედების განხორციელება ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, რაც შესაძლებლობას მისცემს რუსეთისა და უკრაინის ხელმძღვანელებს მოლაპარაკება რეალურად და კონსტრუქციულად გააგრძელონ.

ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს ლიდერებს მხარი დაუჭირონ ასეთ ინიციატივას. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, უკრაინა მით უფრო მეტ ტერიტორიას დაკარგავს. შესაბამისად, მით უფრო დაჩქარდება ომის ესკალაცია ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლამდე. პირიქით – რაც უფრო სწრაფად განხორციელდება მხარეთა მშვიდობიანი მოლაპარაკება, მით უფრო მეტი სიცოცხლე იქნება გადარჩენილი, მით უფრო სწრაფად დაიწყება უკრაინის აღდგენა და მსოფლიო იმ უფსკრულის ნაპირიდან უკან დაიხევს, რომლის წინაშეც დღეს დგას“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: