აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით – უზრა ზეია 

23
spot_img

აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ, დიდი ხნის ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება.

“აქ გადამწყვეტ მომენტში, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვისა და საქართველო-აშშ-ის 32 წლის პარტნიორობისთვის განსაკუთრებით კრიტიკულ დროს ვიმყოფები.

ამაღამ დავასრულე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, ბოლო ორი დღის დისკუსიები პრეზიდენტთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან.

აშშ-ის სამი საკვანძო მესიჯი გადავეცი:

შეერთებული შტატები სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, ავნებს ჩვენს პარტნიორობას და ყველა ქართველის ადამიანის უფლებებს.

ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონი ავნებს ქართველ ხალხს, მათ შორის აქტიურ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, სოფლის მეურნეობას, მედიასა და ბევრ სხვა რამეს. შედეგად, ევროკავშირმა გაყინა დიდი ბრძოლის შედეგად მოპოვებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების ესკალაცია თანაბრად საგანგაშოა.

მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დიდი ხნის და ერთგული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება.

ჩემი მეორე მესიჯი ის არის, რომ შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერია. როგორც ქართველებმა ძალიან კარგად იციან, 16 წლის განმავლობაში რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციას, არ ასრულებს 2008 წლის 6-პუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. დღეს მამაც ქართველ ქალებს შევხვდი, რომლებიც იძულებით გადაადგილებული პირები არიან პუტინის აგრესიის შედეგად, ტანჯვისა და გამძლეობის შესახებ მათი ისტორიები მოვისმინე. აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ქართველის ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველყოფის მხარდაჭერას.

ჩემი მესამე და ბოლო მესიჯი იყო ის, რომ 32 წელზე მეტია აშშ საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი იყო, მათ შორის ყველა ქართველის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ქონის უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის მხრივაც. უფლება მომეცით, სრულიად ნათლად ვთქვა – შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. თუმცა, ჩვენი პარტნიორებისგან ნამდვილი, კონკურენტული პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფას მოველით. გადაწყვეტილება ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას შეარჩიონ და აირჩიონ თავისი წარმომადგენლები თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ძალადობის ან დაშინების მუქარის გარეშე. ძალადობის ან დაშინების ნებისმიერ მსგავსი შემთხვევა უნდა დაიგმოს და გამოძიებულ იქნას, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ბოლოს, მტკიცე და შეუფერხებელი ადგილობრივი და საერთაშორისო არჩევნებზე დაკვირვება არსებითი მნიშვნელობისაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. საქართველოს ადგილობრივი გამოცდილი და სანდო არჩევნების დამკვირვებლების დიდი ტრადიცია გააჩნია, რომლებსაც შეუძლიათ ამ დემოკრატიული პროცესის სანდოობის უზრუნველყოფაში დახმარება. ბოლოს აღვნიშნავ – მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ ამერიკელები და ქართველები განსაკუთრებულ მეგობრობას იზიარებენ, რომელიც, ვფიქრობ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ჩვენს საერთო სიყვარულშია ფესვგადგმული. ჩვენი მრავალი გაცვლითი პროგრამის მეშვეობით ჩვენ ყოველ წელს საშუალებას ვაძლევთ ასობით ქართველ სტუდენტსა და პროფესიონალს, რომ ისწავლონ აშშ-ში. ამერიკული გაცვლითი პროგრამების 6,000-ზე მეტი კურსდამთავრებული ქართველია, რომლებიც ლოკალურადაც და ეროვნულ დონეზეც დინამიკური ლიდერები არიან.

ამ ვიზიტის დროს საშუალება მქონდა FLEX-ის სასკოლო გაცვლითი პროგრამის გამორჩეულ ქართველ კურსდამთავრებულებს შევხვედრილიყავი და ასევე შეხვდი ახალგაზრდა ამერიკელ Peace Corps მოხალისეებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ და პარტნიორობით ცდილობენ საქართველოს პროგრესისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ადამიანების დონეზე ჩვენი კავშირები ახლო და ურღვევია, რასაც მთელი ამ ვიზიტის განმავლობაში ვხედავდი. იმავენაირად არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებიც, გამოწვევებით სავსე განსაკუთრებულ მომენტში აშშ-ის ქართველი ხალხისადმი და მათი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულება სრულიად მყარია”, – განაცხადა ზეიამ.