თუ ოქტომბერში ივანიშვილის ხელისუფლება არ შევცვალეთ, უვიზო რეჟიმიც გაუქმდება, სტატუსიც შეჩერდება და ალბათ, თავისუფალი ვაჭრობაც გაუქმდება – სალომე სამადაშვილი

12
spot_img

თუ ოქტომბერში ივანიშვილის ხელისუფლება არ შევცვალეთ, უვიზო რეჟიმიც გაუქმდება, სტატუსიც შეჩერდება და ალბათ, თავისუფალი ვაჭრობაც გაუქმდება. საქართველო რუსეთთან ერთად აღმოჩნდება იზოლირებულ ეკონომიკურ სივრცეში, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ევროკავშირის ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ვინც ირჩევს ევროპასა და ევროპულ მომავალს შვილისთვის, ის 41-ს არ შემოხაზავს.

„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება რომ შეჩერებულია, ეს თქვა ევროპულმა საბჭომ, ბრიუსელში, 27 წევრი ქვეყნის მეთაურები როცა შეიკრიბნენ. მათ ნათელი განაცხადი გააკეთეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ამიტომ ელჩის განცხადება ახალი არ არის. ელჩმა ის პოლიტიკური გადაწყვეტილება გაიმეორა, რომელიც უკვე მიღებულია ბრიუსელში. ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ – საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს, რომელიც ასრულებს რუსულ დავალებას და რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში საქართველომ დაკარგოს გაწევრიანების ყველანაირი შანსი. ამისთვის მიიღეს მათ „რუსული კანონი“ და ამიტომაც არ ასრულებენ ევროკავშირის არცერთ მოთხოვნას. დასკვნა, რომელიც თითოეულ მოქალაქემ უნდა გააკეთოს, არის შემდეგი – ოქტომბერში ის გააკეთებს არჩევანს, სად იცხოვრებს მისი შვილი, ევროპულ ქვეყანაში თუ რუსეთში. ბიძინა ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური პროექტისთვის მხარდაჭერა ნიშნავს ამ ქვეყნის რუსული მომავლის მხარდაჭერას, ევროკავშირის საწინააღმდეგოდ. ერთადერთი შანსი, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, ეს არის 26 ოქტომბერს ხელისუფლების შეცვლა. ვინც ირჩევს ევროპასა და ევროპულ მომავალს შვილისთვის, ის 41-ს არ შემოხაზავს.

რაც შეეხება სანქციებს, იმის გათვალისწინებით რომ ამერიკაში საქართველოს მეგობარი აქტის განხილვა ოფიციალურ ფაზაში შედის. ვფიქრობ, რომ ევროკავშირი ამ პროცესს ყურადღებით დააკვირდება და ვვარაუდობ, რომ სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბარი უფრო გააქტიურდება ევროკავშირში, თუმცა ცხადია, რომ დღეს ყველა ელოდება არჩევნებს. ალბათ, კიდევ რაღაც შანს ტოვებენ, რომ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი მშვიდად მიიღებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში ამ ქვეყნისთვის ევროპული კოალიციური მთავრობის მოყვანაა და რუსული რეჟიმის დასრულებაა. ვფიქრობ, რომ ყველაზე მძიმე ზომებისთვის მაინც არჩევნების შედეგებს ელოდებიან. ასევე, ვფიქრობ, რომ ოქტომბრამდე საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით გადაიხედება ყველა სხვა დაფინანსების პროექტები, კონკრეტულად ის პროექტები, რომელსაც მთავრობა უწევს ადმინისტრირებას და ეს პროექტები შეწყდება, იმიტომ, რომ რუსული ხელისუფლება კარგად ცდილობს – ხოლმე ევროპული ფულის გამოყენებას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის. თუ ოქტომბერში ივანიშვილის ხელისუფლება არ შევცვალეთ, უვიზო რეჟიმიც გაუქმდება, სტატუსიც შეჩერდება და ალბათ, თავისუფალი ვაჭრობაც გაუქმდება. საქართველო რუსეთთან ერთად აღმოჩნდება იზოლირებულ ეკონომიკურ სივრცეში“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროც გაყინა. ელჩის თქმითვე, ისინი საქართველოში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და სანქციებსაც განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე, ამ დროისთვის ევროპულ სტრუქტურებში ერთსულოვნება არაა.