პროკურორად საქმიანობის 18-წლიანი გამოცდილება საშუალებას მაძლევს, აქტიურად გავაგრძელო სისტემის გაუმჯობესების და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის პოლიტიკა ,- ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.
მისი თქმით, აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც გენერალურ პროკურორს აქვს საზოგადოები და პროკურატურის თანამშრომლების მიმართ.
„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, წარვდგე საპროკურორო საბჭოს წინაშე საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად. სრულად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც გენერალურ პროკურორს აქვს როგორც საზოგადოების, ასევე პროკურატურის თითოეული თანამშრომლის წინაშე“, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე.
გიორგი გაბიტაშვილმა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, „სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევით ცენტრს“ და პროკურატურის თანამშრომლებს მისი კანდიდატურის წარდგენისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„პროკურორად საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება, საშუალებას მაძლევს, აქტიურად გავაგრძელო სისტემის გაუმჯობესების და პრაქტიკული ხარვეზების აღმოფხვრის პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ერთი მხრივ, პროკურატურის თანამშრომლების განვითარებასა და დაცულობის ხელშეწყობაზე, მეორე მხრივ, საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმების დანერგვაზე“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.
მისასალმებელი სიტყვის დროს, გიორგი გაბიტაშვილმა პროკურატურის რეფორმირებაში და პროკურორის პროფესიის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და მას ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა.