არაფერი საერთო კობახიძეს ნაკრების გამარჯვებასთან არ აქვს – სერგო ჩიხლაძე

13
spot_img

არაფერი საერთო კობახიძეს ნაკრების გამარჯვებასთან არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ნაკრების წევრების გამარჯვების მიტაცება არავის გამოუვა, მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“. გუშინ კობახიძე იყო არაადეკვატური და მან მიიღო ადეკვატური პასუხი იქ მყოფი საზოგადოებისგან, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების დახვედრის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.

მან ასევე შეაფასა მმართველი პარტიის წევრთა ნაწილის განცხადებები, რომლის თანახმადაც, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლისას საზოგადოების ნაწილის რეაქცია ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი.

„რაც შეეხება კობახიძის გამოსვლას და რეაქციას ხალხის მხრიდან, ეს იყო ზუსტად ადეკვატური რეაქცია. ეს იყო, ფაქტობრივად, თბილისელების რეაქცია კობახიძეზე და „ქართულ ოცნებაზე“. არაფერი საერთო კობახიძეს ნაკრების გამარჯვებასთან არ აქვს, ამიტომ, ჩვენი ბიჭების, ჩვენი ნაკრების წევრების გამარჯვების მიტაცება არავის გამოუვა, მით უმეტეს „ქართულ ოცნებას“. გუშინ კობახიძე იყო არაადეკვატური და მან მიიღო ადეკვატური პასუხი იქ მყოფი საზოგადოებისგან.

„ქართული ოცნების“ ლოგიკას რომ მივყვეთ, თუ ყველგან ოპოზიციაა, თუ ყველგან ოპოზიცია დგას, თუ ყველგან ოპოზიცია დომინირებს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ საქმე წასულია საქართველოშიც და თბილისშიც. თვითონვე ამბობენ, რომ ოპოზიციურად არის განწყობილი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რასაც ვეთანხმები, ნამდვილად კი, ოპოზიციურად არის განწყობილი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ასევე, ვეთანხმები, რომ დიახაც, ნეგატიური განწყობა ექნება კობახიძეზეც და „რუსული კანონის“ სხვა ავტორებზეც, საქართველოს მოქალაქეებს”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მან პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით ლევან კობიაშვილის დაჯილდოებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ვინმეს ინდივიდუალურად გამოყოფა რთული იქნებოდა.

„მე ვფიქრობ, რომ აქ გამიჯვნა და ასე ინდივიდუალურად ადამიანის გამოყოფა ძნელი იქნებოდა. ერთი მეორეს არ გამორიცხავს – ის, რომ ნაკრებმა წარმატებას მიაღწია, ვიღაცამ შეიძლება წვლილიც შეიტანა ამაში, მაგრამ მეორე მხრივ, ბატონ კობიაშვილს მძიმე ლაქად დარჩება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რომ ის არის „რუსულ კანონზე“, ფაქტობრივად, 5-ჯერ ხელმომწერი, ჯერ კიდევ შარშანდელი წლიდან მოყოლებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, რომ მან პარლამენტში მოღვაწეობისთვის მიიღო ეს ღირსების ორდენი, ამიტომ მოდით, ამაზე ნუ მოვახდენთ კონცენტრირებას, ვინ რა მიიღო, მთავარია, რომ ნაკრებმა გვასახელა, მთავარია, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ ევროკავშირი, „რუსული კანონი“ და საქართველო შეუთავსებელია”, – განაცხადა ჩიხლაძემ.