ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს და აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს

13
spot_img

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს.

„[დეკლარაცია] იმეორებს მოწოდებას, ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას გმობს.

„გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში – იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“, – წერია დეკლარაციაში.

ასევე, დეკლარაცია „რუსეთის ძალადობრივ იმპერიულ და კოლონიურ ხასიათს გმობს, რომელიც აშკარად გამოიხატება მის გენოციდურ ომში უკრაინის წინააღმდეგ, ბელარუსის რბილ ანექსიასა და მოლდოვის წინააღმდეგ აგრესიაში. ასევე, ქართველი და სომეხი ხალხის სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ არჩევანზე თავდასხმებში“.