ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას – თინა ბოკუჩავა

14
spot_img

მოვუწოდებ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას ცდილობს.

„კრიტიკული ხმების ჩაგვრა ან განეიტრალება არის ის, რითაც ძლიერდებიან ავტორიტარები და ცდილობენ შეინარჩუნონ ძალაუფლება ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ ამ ჩაგვრის გზას ადგას საქართველოს ხელისუფლება და ცდილობს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან გადახვევას. თუმცა ეს სახიფათო ცვლილება შეიძლება ოქტომბრის საკვანძო არჩევნებით შეიცვალოს და ამ კომიტეტის წევრებს და ზოგადად ასამბლეას მოვუწოდებ, სრული მხარდაჭერა გამოუცხადონ საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს და აქტიურად ჩაერთონ იმ არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გადაწყვეტს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციითვე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ასევე სიტყვით გამოვიდა სენატორ უოკერი, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს მმართველი პარტია ღიად უპირისპირდება ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ არჩევანს“.

„ძალაუფლების შენარჩუნების სურვილითაა ნაკარნახევი თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება და რაც მთავარია, „უცხოელი აგენტების შესახებ“ რუსული სტილის კანონის მიღება, საქართველოს ყველაზე სანდო პარტნიორებზე თავდასხმებთან ერთად. ამ ორგანიზაციამ მსგავსი ქმედებები ერთხმად უნდა დაგმოს“, – განაცხადა სენატორმა, რომლის თარგმანსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.