საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 11 მეწყრულ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მონიტორინგის სისტემები- პრემიერი

18
spot_img

მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა გარემოს დაცვის მიმართულებით, შემუშავდა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების რუკები მთელი ქვეყნის ტერიტორიისთვის, დასრულების ეტაპზეა გეოლოგიური საფრთხეების რუკები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 11 მეწყრულ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მონიტორინგის სისტემები.

„დღეისთვის სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე. გაფორმდა ხელშეკრულება შვეიცარიელ ექსპერტებთან, საქართველოს მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, რის შედეგადაც მაქსიმალურად შერბილდება კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. გაფართოვდა ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, საანგარიშო პერიოდში ამოქმედდა 8 სტაციონარული და ერთი მობილური ახალი ავტომატური სადგური. ამჟამად საქართველოს 8 ქალაქში ფუნქციონირებს 18 ავტომატური სადგური. საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდებოდა საქართველოს მდინარეებისა და ტბების 236 წერტილში; დეგრადირებული ტყის მასივების აღდგენის მიზნით, გასულ წელს ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 1679 ჰა ფართობზე; შეიქმნა 15 ათას ჰა ფართობზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია; მიმდინარეობს 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობის სამუშაოები 8 დაცულ ტერიტორიაზე. 2 დაცულ ტერიტორიაზე დასრულდა ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხოლო 8 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ესეც არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება გარემოს დაცვის მიმართულებით”, – აღნიშნა პრემიერმა.