ვენეციის კომისიის მოსაზრება გვთავაზობს, რომ შევინარჩუნოთ ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის პოზიცია, რომელიც აირჩეოდა ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული ცესკო-ს წევრებიდან. ეს ნიშნავს, რომ ცესკო-ს პროფესიული წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ცესკო-ს უხელმძღვანელებს ოპოზიციონერი მოადგილე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ კლერ ბაზი მელორისთვის ცესკო-ს წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციური მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ მიწერილ წერილში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, აღნიშნული შეთავაზება რთული მისაღებია, რადგან ის ეწინააღმდეგება თავად ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს ხელმძღვანელობა უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.
„წინა მოსაზრებები გვთავაზობდა კვალიფიციური უმრავლესობის შემოღებას და ეს უმრავლესობა უნდა ყოფილიყო არა სამი მეხუთედი, არამედ ორი მესამედი. აღნიშნული შეთავაზება იყო წარმოდგენილი იმის მიუხედავად, რომ ევროპაში არსად არ არსებობს ასეთი პრაქტიკა. ვენეციის კომისია ხშირად მიუთითებდა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რომელიც თითქმის სამი წელია, აღარ არის ძალაში. შეთანხმება ხარვეზიანი აღმოჩნდა პოლიტიკურად და პრაქტიკულად. მოხარული ვარ, რომ ამჯერად ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ „მას არ გაუწევია რეკომენდაცია სპეციფიკური გადაწყვეტისთვის [ახლა უკვე 19 აპრილის არარელევანტური შეთანხმების საფუძველზე]“. თუმცა, გასაკვირია, რომ მოსაზრებას კვლავ გასდევს 19 აპრილის შეთანხმების მუხლების სულისკვეთება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
შალვა პაპუაშვილი ასევე საუბრობს კვალიფიციური უმრავლესობის თაობაზე რეკომენდაციის გათვალისწინების შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინება პრაქტიკაში ინსტიტუტისთვის მეტ ჩიხს ნიშნავს.
„ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ექსპერტებს მხედველობიდან რჩებათ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – 19 აპრილის მოდელმა პრაქტიკაში არ იმუშავა. კვალიფიციური უმრავლესობის თაობაზე რეკომენდაციის გათვალისწინება, განსაკუთრებით კი არაეფექტიანი ანტიჩიხური მექანიზმით, პრაქტიკაში ინსტიტუტისთვის მეტ ჩიხს ნიშნავს. აქ ჩვენ ვსაუბრობთ არა თეორიულ, არამედ ნამდვილ კრიზისზე. ასეთ კრიზისში სწორედ ამ ჩანაწერის მიღების შემდეგ აღვმოჩნდით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთ ჩანაწერს, რომელიც მიზნად ისახავდა გამოგონილი პოლიტიკური კრიზისის შემსუბუქებას, საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის დროს მხარი არ დაუჭირა არცერთმა მნიშვნელოვანმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ. კვალიფიციური უმრავლესობის პროცედურასთან დაკავშირებით საქართველო ორწლინახევრის განმავლობაში წარუმატებლად ახორციელებდა ექსპერიმენტს. აღნიშნული პროცედურა არ მომდინარეობდა პარტიათაშორისი დიალოგიდან, არამედ იყო გარე მედიატორის დაჟინებული მოთხოვნა. ახლა უკვე ფაქტია, რომ მან არ იმუშავა უწინ, არ მუშაობს ახლა და არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ იმუშავებს მომავალში. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრის ახალი პროცედურა მხარეებს კონსენსუსთან დაახლოების ნაცვლად, აშორებს მას. თუ საქართველოს ხელისუფლება მიჰყვებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და გააგრძელებდა ამ საექსპერიმენტო მოდელს, ცესკო დარჩებოდა 19 აპრილის შეთანხმებით შექმნილ ინსტიტუციურ კრიზისში და ქვეყანას ოქტომბრის არჩევნებისთვის არ ეყოლებოდა ცესკო-ს ხელმძღვანელობა. ამ ვითარებაში, რთული მისაღებია არაეფექტურ პროცედურაზე დაბრუნების მოთხოვნა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტაციას. ექსპერტებისგან ჩვენი მოლოდინია, რომ რეკომენდაციას გაუწევენ ისეთ გადაწყვეტას, რომელიც დაასრულებს და არა შეინარჩუნებს კრიზისს“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.